თვითგამოცხადებული ჭორვილელი დიქტატორი სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარებისთვის ემზადება - სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების პროცესის დაგეგმვაში ადანაშაულებს - როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, მიუხედავად ბიძინა ივანიშვილის ქმედებებისა, პროცესი ფარსი იქნება და ხელისუფლება გეგმის სისრულეში მოყვანს ვერ შეძლებს.
შვიდი ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილი "თვითგამოცხადებულ ჭორვილელ დიქტატორად" მოიხსენია და თქვა, რომ "ოცნების" დამფუძნებელმა საქართველო სახელი ტალახში საბოლოოდ ამოსვარა.
ამასთან, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა საქართველოს მთავრობა ამერიკასთან ცივი ომის გამოცხადებაში დაადანაშაულა - "ამერიკას, პრაქტიკულად, ცივ ომს ვუცხადებთ. ამერიკას ვემუქრებით ურთიერთობების გადახედვით, რის გამოც კატასტროფაში ვყოფთ თავს".
ამერიკას პრაქტიკულად ცივ ომს ვუცხადებთ. ამერიკას ვემუქრებით ურთიერთობების გადახედვით, ისეთ კატასტროფაში ვყოფთ თავს... ხატია დეკანოიძეა დარბაზში და კარგად იცის, რა ძალისხმევა დასჭირდა ამერიკასთან ურთიერთობის დაწყობას, ამ დახმარების მოპოვებას, საქართველოს პოზიციების განმტკიცებას. ამერიკის პრეზიდენტი ყოველ კვირას საქართველოს ახსენებდა როგორც მისაბაძ მაგალითს, როგორც დემოკრატიის შუქურას. სად წავიდა ეს ყველაფერი? თვითგამოცხადებულმა ჭორვილელმა დიქტატორმა საქართველოს სახელი საბოლოოდ ამოსვარა ტალახში. გეგმა გვაქვს აფხაზეთის დაბრუნების (ცხინვალზე აღარ ვამბობ, ის ბევრად უფრო მარტივია). აფხაზეთის დაბრუნების გეგმა არის ძალიან მარტივი: უნდა ავაშენოთ ლაზიკის პორტი, სადაც სასტუმროებია აშენებული, რომელიც გააპარტახეს. ლაზიკის პორტში აფხაზეთიდან ჩამოვიყვანეთ ადამიანები, სოხუმელები იყვნენ, იქიდან დადიოდნენ სამსახურში. ლაზიკა იქნება მიზიდულობის ცენტრი, მოხდება სოხუმის ბათუმიზაცია და ევროკავშირის პასპორტებით შევალთ აფხაზებთან. აღებული გვაქვს ცალმხრივი ვალდებულება, ჩემ მიერ, 2010 წელს, რომ საქართველო არასდროს გამოიყენებს ძალას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ვაპირებთ ამის მშვიდობიანი გზებით კეთებას. ვაპირებთ, რომ არეულობები არ დავუშვათ. ივანიშვილი ემზადება სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარებისთვის, რაც მას არ გამოუვა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ცნობისთვის, ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს - საქართველოს მესამე პრეზიდენტს მოსამართლის წინაშე კითხვებს შვიდი ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით უსვამენ.