რატომ განიხილება ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება - რას ამბობს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი
რა გზავნილები მოდის ამერიკის შეერთებული შტატებისგან? - ჟურნალისტი ანი ჩხიკვაძე "ტვ პირველის" ეთერში "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის წინააღმდეგ დასაწესებელ სანქციებთან დაკავშირებით დასავლეთის მთავარ მესიჯებს აჟღერებს.
როგორც "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი განმარტავს, დასავლეთი ბიძინა ივანიშვილის შავ სიაში შეყვანას რუსეთთან ღრმა კავშირების გამო უპირებს. კერძოდ, ანი ჩხიკვაძის ცნობით, შტაბების შეფასებით, ქართველი ოლიგარქი საქართველოში რუსეთის ინტერესებს ლობირებს.
მიზეზები, თუ რატომაც განიხილება ეს სანქციები, არის საქართველოში რუსეთის ინტერესების ხელშეწყობა. ეს არის სანქციების ის მიმართულება, რა მიმართულებითაც განიხილავენ სანქციების დაწესებას ივანიშვილის მიმართ. ერთ-ერთი მიმართულება ასევე არის დახმარება რუსეთის სპეცსამსახურების მიმართ", - ამბობს ანი ჩხკივაძე.
გავლენიანი გამოცემის კორესპონდენტი "პოლიტიკური ამბების" ეთერში იმაზეც საუბრობს, თუ რატომ გაასაჯაროვა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის მოსალოდნელ დასანქცირებასთან დაკავშირებით წინასწარ ინფორმაცია.
ანი ჩხიკვაძე ვარაუდობს, რომ თეთრი სახლის გადაწყვეტილება პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა უკანასკნელ გაფრთხილებად უნდა მიიღოს.
ის, რომ ამერიკის მთავრობამ გადადგა ნაბიჯი, რომ ეს ინფორმაცია გაესაჯაროვებინათ, მიუთითებს იმაზე, რომ მათ სურთ, რომ ეს იყოს საჯარო. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ინფორმაცია აღქმული იქნას გაფრთხილებად ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში", - ამბობს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი.
დამაზუსტებელ კითხვაზე - განიხილებიან თუ არა სანქციების ახალ ტრანშში ბიძინა ივანიშვილთან ერთად სხვა პირები, ანი ჩხიკვაძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის მოცემულ თემასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.
თუმცა, ამასთან, როგორც "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი განმარტავს, შესაძლოა, შავ სიაში შესულ ინდივიდთა შორის ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირებიც აღმოჩნდნენ.
იმ კითხვაზე, თუ სხვა ვინ განიხილება ამ სანქციებში, ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლები არ საუბრობენ, არ აკონკრეტებენ იმას, თუ ბიძინა ივანიშვილის გარდა, ვის განიხილავენ", - ამბობს ანი ჩხიკვაძე
შტატებმა ივანიშივილის სანქცირების გადაწყვეტილება მიიღო. დოკუმენტი უკვე მზად არის. ქართველი ოლიგარქისთვის სანქციების დაწესების ერთ-ერთი მიზეზი რუსულ დაზვერვასთან თანამშრომლობა და მისი ინტერესების გატარებაა. დასაბუთების დოკუმენტში, რომლის შესახებაც "ამერიკის ხმას" ამერიკის მთავრობის ორი მაღალჩინოსანი კონფიდენციალურად ელაპარაკა, საუბარია ივანიშვილის მიერ რუს ოლიგარქებთან მჭიდრო კავშირებზე. შტატებს აქვს დადასტურებული მტკიცებულებები.