ივანიშვილმა დასავლეთს ომი გამოუცხადა და რუსულ გზას დაადგა - ბუაძე
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს საქართველოში რუსეთის ინტერესების ლობირებაში ადანაშაულებს.
საბა ბუაძე "პოლიტიკური ამბების" ეთერში პირდაპირ ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა დასავლეთს ომი გამოუცხადა და რუსულ გზას დაადგა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ივანიშვილისთვის დასაწესებელ სანქციებსაც ეხმაურება და აცხადებს, რომ მმართველი პარტიის დამფუძნებლის მიერ საქართველოს რუსეთის უკანა ეზოდ ქცევას დასავლეთისგან პასუხი აუცილებლად გაეცემა.
დიდი ხანია ივანიშვილი დაადგა რუსულ გზას. ივანიშვილი რუსულ გზას დაადგა მაშინ, როდესაც დაიწყო ქართველი ხალხის ღალატის პროცესი, გააგრძელა მოტყუება, მისი დაპირებების არ შესრულება ძალიან ცინიკური ფორმით და შესაბამისად, ამ ყველაფერმა დააჩქარა რუსეთის ტრაექტორიით მისი მოძრაობა. ცხადია, არ არის გასაკვირი რუსული სპეცოპერაციის ფონზე, რასაც ივანიშვილი ახორციელებს საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ეს ვითარება დამძიმდა. მან თავად აირჩია საერთაშორისო იზოლაციის გზა", - ამბობს საბა ბუაძე.
შტატებმა ივანიშივილის სანქცირების გადაწყვეტილება მიიღო. დოკუმენტი უკვე მზად არის. ქართველი ოლიგარქისთვის სანქციების დაწესების ერთ-ერთი მიზეზი რუსულ დაზვერვასთან თანამშრომლობა და მისი ინტერესების გატარებაა. დასაბუთების დოკუმენტში, რომლის შესახებაც "ამერიკის ხმას" ამერიკის მთავრობის ორი მაღალჩინოსანი კონფიდენციალურად ელაპარაკა, საუბარია ივანიშვილის მიერ რუს ოლიგარქებთან მჭიდრო კავშირებზე. შტატებს აქვს დადასტურებული მტკიცებულებები.