ივანიშვილს საქართველო 90-იანებისკენ მიჰყავს - ვაშაძე
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე "ქართული ოცნების" მმართველობის გამო საქართველოში შექმნილ უმძიმეს ვითარებას 90-იანებში არსებულ მწვავე სიტუაციასთან აიგივებს.
გიორგი ვაშაძე "დღის ამბების" ეთერში პირდაპირ ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის კლანმა ქვეყნის სრული უზურპაცია მოახდინა და საქართველო, ფაქტობრივად, ბნელი 90-იანებისკენ მიჰყავს.
სანქციების საფუძველი არის რუსეთთან პირდაპირი თანამშრომლობა და ფულის კეთება ქართველი ხალხის ხარჯზე რუს ოლიგარქებთან ერთად. საქართველოს იურისდიქციის გამოყენება ტრანსნაციონალური დანაშაულის, კორუფციული სქემების აგებაში. ეს ყველაფერი ნიშნავს იზოლაციას, საქართველოს მოწყვეტას გარე სამყაროდან, ფინანსების ჩაჭრას, რაც საქართველოს სრული გაკოტრებისკენ წაიყვანს. ივანიშვილის გზა არის საქართველოს გაკოტრების გზა, სადაც ყოველ დღე დავინახავთ, რომ დენი გრაფიკით გვექნება, პენსიების გაცემაზე პრობლემა შეიქმნება და სამწუხაროდ, ეს ჩვენ 90-იან წლებში გამოვლილი გვაქვს. ფაქტობრივად, აქეთ მიჰყავს "ქართულ ოცნებას" საქართველო. ბიძინა ივანიშვილის კლანმა სრული უზურპაცია მოახდინა ქვეყნის და უნდა, რომ საქართველო წაიყვანოს უმძიმესი გზით", - ამბობს გიორგი ვაშაძე.
შტატებმა ივანიშივილის სანქცირების გადაწყვეტილება მიიღო. დოკუმენტი უკვე მზად არის. ქართველი ოლიგარქისთვის სანქციების დაწესების ერთ-ერთი მიზეზი რუსულ დაზვერვასთან თანამშრომლობა და მისი ინტერესების გატარებაა. დასაბუთების დოკუმენტში, რომლის შესახებაც "ამერიკის ხმას" ამერიკის მთავრობის ორი მაღალჩინოსანი კონფიდენციალურად ელაპარაკა, საუბარია ივანიშვილის მიერ რუს ოლიგარქებთან მჭიდრო კავშირებზე. შტატებს აქვს დადასტურებული მტკიცებულებები.