მთავრობის ადმინისტრაციის პრესრელიზში კობახიძის და აშშ-ს მთავრობის ორმხრივ შეხვედრებზე არაფერია ნათქვამი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესრელიზში, რომელიც კობახიძის შეხვედრების შესახებ ვრცელდება, ამერიკის მთავრობასთან ორმხრივ შეხვედრებზე არაფერია ნათქვამი.
ერთადერთი ღონისძიება, რომელსაც კობახიძე დაესწრება ამერიკის მხარის
მონაწილეების ტრადიციული მიღებაა, სადაც გაეროში ჩასეულ ყველა ლიდერს იწვევენ.
ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 25 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოვა.
მთავრობის მეთაური ამერიკის შეერთებულ შტატებს 22-26 სექტემბერს ეწვევა. ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს „მომავლის სამიტში“, რომელიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ოლაფ შოლცის და ნამიბიის პრეზიდენტ ნანგოლო მბუმბას ორგანიზებით იმართება.
დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა გაერო-ს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან. მთავრობის მეთაური ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და მისი მეუღლის ჯილ ბაიდენის სახელით გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება, - ნათქვამია ინფორმაციაში.