"პირველების" ინფორმაციით, დღეს დილით, გიორგი გახარია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფებოდა
"პირველების" ინფორმაციით, დღეს დილით, გიორგი გახარია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფებოდა. პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა სალომე ზურაბიშვილის შედგენილ "ქართულ ქარტიას" ხელი მოაწერა.
ამ დროისთვის (13:00 საათი) გიორგი გახარია ადმინისტრაციაში უკვე არ იმყოფება. როგორც "პირველებმა" გაარკვია, ათონელის რეზიდენციაში მიწვეული არ არის არც "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე.
ამის პარალელურად ცნობილი ხდება, რომ პრეზიდენტი დღეს ბრიფინგს გამართავს. ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი განცხადებას 20:00 საათზე გააკეთებს. ოფიციალურად თემა არ კონკრეტდება, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ სალომე ზურაბიშვილმა ხაზარაძე-გახარიას მოლაპარაკებების ჩაშლაზე ისაუბროს.
თავად სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგამდე მედიის ამ კითხვაზე არ პასუხობს.
- შეგახსენებთ, რომ "ქართულ ქარტიაზე" ხელმომწერი პოლიტიკოსები იღებენ ვალდებულებას, არჩევნების შემდეგ, პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, გაატარონ ევროინტეგრაციისთვის აუცილებელი რეფორმები, სასამართლო რეფორმა, გააუქმონ რუსული კანონები, რის შემდეგაც ხალხის მიერ მინიჭებულ მანდატს დააბრუნებენ და ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდება.
რაც შეეხება ჩაშლილ მოლაპარაკებებს, დიდი პოლიტიკური გაერთიანება წინა კვირას ჩაიშალა - მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია ვერ შეთანხმდნენ.
"ძლიერ საქართველოში" ამბობენ, რომ მხოლოდ ფორმალური ხელმოწერა იყო დარჩენილი, როცა გიორგი გახარიამ წერილი გაავრცელა და მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულების შესახებ ისაუბრა.