პრეზიდენტის ძმა აქტიურ პოლიტიკაში? - ოთარ ზურაბიშვილის საკითხი "ოცნების" განხილვის თემაა

23.09.24 15:35
პრეზიდენტის ძმა აქტიურ პოლიტიკაში? - ოთარ ზურაბიშვილის საკითხი "ოცნების" განხილვის თემაა

პრეზიდენტის ძმის პოლიტიკაში შესაძლო მოსვლის შესახებ გავრცელებულ ცნობებს "ქართულ ოცნებაში" პასუხობენ - მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ "ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელს", პოლიტიკური ემიგრაგრანტის, ლევან ზურაბიშვილის შვილს რეიტინგი არ აქვს. 

მეტიც, ივანიშვილის გუნდის წევრების განცხადებით, სალომე ზურაბიშვილსაც არ აქვს საზოგადოების ნდობა. 

“ოცნების“ წევრი ლევან მაჭავარიანი კამერების წინ ამბობს, რომ რა ნაბიჯიც არ უნდა გადადგას ოთარ ზურაბიშვილმა, მისთვის ღიმილის მომგვრელი იქნება. 

ქალბატონი ზურაბიშვილის ძმასთან დაკავშირებით, ჩემთვის პირადად ბევრი რამ ცნობილი არ არის. ახლა იგი თუ პოლიტიკაში მოვა ვერანაირ დივიდენდს იგი ოპოზიციას ვერ მოუტანს, ისევე როგორც უნდა. ერთადერთი, რითაც სარგებლობს ქალბატონი ზურაბიშვილი არის, რომ იგი იმყოფება, ჯერჯერობით, პრეზიდენტის თანამდებობაზე. ეს თანამდებობა  მას, რომ არ ეკავოს, მისი რეიტინგი ნულს გაუტოლდება და რა ნაბიჯიც არ უნდა გადადგას მისმა ძმამ ეს ჩვენთვის ღიმილის მომგვრელი არის“, - აცხადებს მაჭავარიანი. 

გიორგი კახიანის მტკიცებით, ოთარ ზურაბიშვილიც იმავე პოზიციაზეა, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი და “რა შანსი უნდა ჰქონდეს, არ იცის“.

რა შანსი, შეიძლება ჰქონდეს არ ვიცი. უბრალოდ პიროვნება, რომელიც თქვენ მიხსენეთ ვიცი, რომ არის სალომე ზურაბიშვილის ძმა და მეტი არაფერი, რა შანსებზე მეკითხებით, რა შანსებზე საუბრობთ მართლა არ მესმის. თვითონ ქალბატონი სალომე, როგორ პოლიტიკოსად ჩამოყალიბდა ეს საზოგადოებისთვის ცნობილია, ფაქტობრივად გახდა “ნაციონალური მოძრაობის’’ ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელიც ცდილობს რაღაცნაირად ნაციონალური მოძრაობა დააბრუნოს ხელისუფლებაში. ეს არის, მისი ბექგრაუნდი და მის ძმაზე რა გითხრათ, კომენტარს ვერ გავაკეთებ. სალომე ზურაბიშვილი, რასაც ლაპარაკობს, მისი ძმაც იმავე პოზიციაზეა. მთავარია საზოგადოება რას ფიქრობს“,- აცხადებს კახიანი.  

სალომე ზურაბიშვილის ძმა დიდი ხანია პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, თუ მის პოლიტიკაში შემოსვლაზეა საუბარი, ვიტყოდი, რომ “უზომოდ რეიტინგული“ პოლიტიკოსის შემოსვლაზე ვსაუბრობთ. შეუძლიათ ოპოზიციის ლიდერებს ინერვიულონ ამ ყველაფერზე, რადგან ურეიტინგობაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს“,- განაცხადა წილოსანმა. 

წავა თუ არა ოთარ ზურაბიშვილი პოლიტიკაში- საქართველოს პრეზიდენტი ამ კითხვაზე პასუხს თავს არიდებს. “მას ჰკითხეთ“ - ამბობს ის.

რაც შეეხება თავად ოთარ ზურაბიშვილის პოზიციას - სურს თუ არა მას პოლიტიკაში აქტიურად ჩართვა, ჯერჯერობით, უცნობია.

მსგავსი სიახლეები