ალექსანდრე ჭიკაიძე TV პირველის წინააღმდეგ - საქმეში 30 წამიანი ჩანაწერი დევს
ალექსანდრე ჭიკაიძე TV პირველის წინააღმდეგ - თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამართულ პროცესზე მტკიცებულებები ბოლოჯერ გამოიკვლიეს.
საქმე ეხება საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელს, რომლითაც ის მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის ცილისწამებად ცნობას და კრიტიკული მედიისგან სოლიდური თანხის, 100,000 ლარის გადახდას ითხოვს.
აღმოჩნდა, რომ საქმეში მხოლოდ "ტვ პირველის" ეთერში გასული ჩართვიდან 30 წამიანი ჩანაწერი დევს, სადაც ჟურნალისტი ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე საუბრობს. ეს მაშინ, როცა გამოკვლეული არ არის ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეზე მომზადებული სხვა სიუჟეტები.
საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი - ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეა. "ტვ პირველის" იურისტი საქმის მასალების გამოთხოვას ითხოვდა, რაც საქმეში ალექსანდრე ჭიკაძის შესაძლო კავშირზე არსებულ კითხვებს პასუხს გასცემდა, თუმცა ამ მტკიცებულებების გამოთხოვაზე ჭიკაიძის ადვოკატმა უარი თქვა.
აუცილებელი იყო, რომ გამოგვეკვლია ყველა ის მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა, როგორც ტელეკომპანია "პირველის", ასევე ჟურნალისტის სიმართლეს, თუმცა მოწინააღმდეგე მხარე ამის წინააღმდეგი იყო და მიუთითებდა მხოლოდ იმ მტკიცებულებაზე, რომელიც 30 წამიანი კონტექსტიდან ამოგლეჯილი ვიდეოა. მხოლოდ ერთი დღის საინფორმაციო ჩანაწერიდან ამოღებული და სასამართლომაც მისცა მას საშუალება, რომ ეს 30 წამიანი რგოლი ყოფილიყო გამოკვლეული და არა მთელი ის მტკიცებულება, რომელიც რეალურად სასამართლოსაც ანახებდა განზრახვას, რეალურ მიზანს ტელეკომპანია "პირველის", რომ საზოგადოებრივ ინტერეს ემსახუროს და არა რომელიმე ჟურნალისტის განზრახვას ან სხვაგვარ სამართლებრივ დარღვევას" - ამბობს "ტვ პირველის" იურისტი, თორნიკე მიგინეიშვილი.
"პირველები" ჭიკაიძის ადვოკატთან შეეცადა იმის გარკვევას, რატომ იყო ეს 30 წამი მათთვის მნიშვნალოვანი, თუმცა მარინე ცუცქირიძემ "ტვ პირველის" კითხვებს არ უპასუხა.