"ძლიერი საქართველოს’’ წევრები მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ
"ძლიერი საქართველოს’’ წევრები მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ, ამჯერად კოალიციის ლიდერები კახეთში იმყოფებიან. მოქალაქეების პრობლემებს ისმენენ და კოალიციის გეგმებზე ესაუბრებიან.
მძიმე სოციალური და ეკონომიკური ფონი - ეს სურათი დახვდათ კახეთში ჩასულ ''ძლიერი საქართველოს’’ წევრებს.
კოალიციის ლიდერების განცხადებით, ყველა სხვაა პრობლემებთან ერთად კახეთში ყველაზე მეტად რთველის რეალიზაციის საკითხი აწუხებთ. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ისინი ჰპირდებიან მოსახლეობას, რომ ყურძნის მისაღები ფასი 2 ლარი იქნება.
კახეთში ყველაზე მეტად აწუხებთ, რთველის საკითხი და ეს არის უკვე წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემა, რაც დაკავშირებულია ღვინის ჩაბარებასთან, შემდეგ მის ფასთან. ამ რეალიზაციის ეს ფასი იცით თქვენ, რომ არის 1,10 ლარი, რაც არის თვითღირებულება ყურძნის. ჩვენ ვთავაზობთ კახელს გლეხებს, რომ ყურძნის მისაღები ფასი უნდა იყოს 2 ლარი და ხარისხის მიხედვით უნდა მოხდეს, ვენახების პასპორტიზაცია“,- ამბობს გიორგი შაიშმელაშვილი.
''ძლიერი საქართველოს'' ერთ- ერთი ლიდერის, აჩიკო მჭედლიშვილის განცხადებით, რეგიონებში ყველაზე პრობლემური საკითხი წნეხია, რომელსაც ''ქართული ოცნება'' ახდენს ამომრჩეველზე. მისი თქმით, ხელისუფლების წნეხის გამო, ბევრი ადამიანი თავს იკავებს მათთან შეხვედრაზე.
რეგიონებში, ყველაზე მეტად პრობლემატური ჩემთვის, როგორც საარჩევნო პროცესში მონაწილე ადამიანისთვის არის ის წნეხი, რომელიც ხელისუფლება მოსახლეობაზე ახდენს. ბევრი ადამიანი თავს იკავებს, ხშირად ჩვენთან შემოერთებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხარდამჭერები არიან. ეს არის ყველაზე მთავარი, რაც მერე დანარჩენი პრობლემების მოუგვარებლობას იწვევს. -აჩიკო მჭედლიშვილი
გიორგი უშიკიშვილის თქმით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ''ხალხი უნდა გაერთიანდეს და ყველამ ერთად ყველაფერი გავაკეთოთ, იმისთვის რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა''.
90 წლის ევროპელი პენსიონერი , რომელიც მთელ მსოფლიოში მოგზაურობს და ა.ს.შ. და ჩვენთან ამ ასაკში ადამიანებს სამედიცინო პრობლემები აქვთ, მიიღონ კარგი ჯანდაცვა, ჰქონდეთ კარგი ხელფასი, პენსია. ყველა მიმართულებით ფაქტობრივად, ჩვენ გვაქვს პრობლემები, ასე რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გაათმაგებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს, რომ დასრულდეს ეს პოლარიზაციის პროცესი, ხალხი გაერთიანდეს და ჩვენ ყველამ ერთად ყველაფერი გავაკეთოთ, იმისთვის რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა’’,- განაცხადა გიორგი უშიკიშვილმა.