გახარია-ხაზარაძის მოლაპარაკებების შედეგი - ზურაბიშვილი მთავარ მიღწევად სამომავლო თანამშრომლობის მზაობას ასახელებს
საქართველოს პრეზიდენტის პირველი განცხადება ხაზარაძე-გახარიას მოლაპარაკებების დაპაუზების შემდეგ - ათონელის რეზიდენციაში, სალომე ზურაბიშვილმა კოალიცია "ძლიერი საქართველოსა" და პარტია "გახარია საქართველოსთვის" შორის გამართული აუდიენცია განიხილა და პროცესები პოზიტიურ ჭრილში შეაფასა.
მეტიც, სალომე ზურაბიშვილმა სამ-დღიანი მოლაპარაკებების მთავარ მიღწევად სამომავლო თანამშრომლობის მზაობა მიიჩნია და განაცხადა, რომ მიუხედავად კონსულტაციების შეწყვეტისა, პარტიებს შორის სამომავლოდ თანამშრომლობა გამარტივდება.
არსებობდა დაკვეთა საზოგადოებისგან, რომ რაღაც ქენით. მოახერხეთ, რომ კონსოლიდაცია მოხდეს და არსებობდა შანსი და ეს შანსი ძლიერდება ბოლოსკენ, როდესაც მეტი გასაქანი აღარ გაქვს. ეს მცდელობა იყო საჭირო. მცდელობა ნიშნავს, რომ გარანტირებული არ არის, რისკი უნდა აიღო და ავიღე კიდეც, თუმცა არ გამოვიდა. ვერ გეტყვით, რისი ბრალი იყო, რომ ჩაიშალა. ალბათ, ყველასი და არავის ამავე დროს. უფრო იყო მოცემულობის ბრალი და მომავლის, რადგან ყოველთვის არის შიში, მე როგორ დავიცვა ჩემი იდენტობა, ჩემი მომავალი. ეს არის მოცემულობა, რომელიც ხელისშემშლელი არის. ორი მთავარი დამნაშავე არის პოლიტიკური კულტურა და კომპრომისების ძებნის კულტურა. ჯერ კიდევ არის მიჩნეული, რომ სისუსტედ არის მიჩნეული დათმობა. ნათელია, რომ ეს დასაძლევია. მეორე დამნაშავე არის ის, რაც ჩვენ გვჭამს ყველას, უნდობლობა, ეჭვი, რომელიც გამძაფრებული არის კონსპირაციული თეორიებით.
ამ პროცესმა თავისივე შედეგი მოიტანა. ამ პარტიებს შორის განწყობები შეიცვალა და ის, რაც გუშინ იყო ძალიან რთული, ნელ-ნელა მოლბა. და სამომავლო თანამშრომლობა ბევრად ადვილი იქნება. ახალი პერსპექტივა იქნება, რომელიც გვაძლევს სურათს, რომ ცალ-ცალკე გადიან ეს პარტიები, მაგრამ ნათლად ჩანს, რომ მიზანი არის ერთი. ამ დილით ხელმოწერილი იქნა მეოთხე პარტიისგან ამ ქარტიაზე და ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად აერთიანებს.