ემზადება თუ არა შტატები ივანიშვილის დასასანქცირებლად? - რას ამბობს აშშ-ის საელჩო
ემზადება თუ არა შტატები ივანიშვილის დასასანქცირებლად - აშშ-ის საელჩოს განცხადებით, შესაძლო სანქციების დაწესებას არ აანონსებენ, თუმცა ამბობენ, რომ "ძალიან შეშფოთებული" არიან საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით.
საელჩომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაზე რადიო თავისუფლების კითხვას უპასუხა.
"ჩვენ ყოველთვის ვიტოვებთ უფლებას, გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი" - წერია რადიო თავისუფლებისთვის გაგზავნილ პასუხში.
"ჩვენ არ ვაანონსებთ შესაძლო სანქციებს და ჩვენ არაფერი გვაქვს გამოსაცხადებელი. ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ შეერთებული შტატები ძალიან შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, დეზინფორმაციითა და ნეგატიური რიტორიკით აშშ-სა და დასავლეთის მიმართ. როგორც სახელმწიფო მდივანმა [ენტონი] ბლინკენმა განაცხადა, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის ყოვლისმომცველი მიმოხილვა გაგრძელდება მთავრობის ქმედებების საპასუხოდ. ჩვენ ყოველთვის ვიტოვებთ უფლებას, გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი", - წერია საელჩოს პრესსპიკერის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.
20 სექტემბერს „ამერიკის ხმამ“ რამდენიმე ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები შეიმუშავა და მის უახლოეს მომავალში დაწესებას განიხილავს.