"ემ გიდი" საარჩევნო უბნის გახსნას სტრასბურგში ითხოვს
ორგანიზაცია "ემ გიდი " საქართველოდან წასული მოქალაქეების ხმების დაცვას აგრძელებს - დილიდან ცესკო-ში ორგანიზაციის წევრების კიდევ ერთი განცხადება შევიდა. "ემ გიდი " საარჩევნო უბნის გახსნას სტრასბურგში ითხოვს. თუმცა ხელისუფლება დამატებითი უბნების გახსნაზე უარს ამბობს.
ცენტრალური საარჩევნო კომისია უკვე დიდი ხანია, არ იცავს კანონს და არ არეგისტრირებს უბნებს, არ ხსნის საზღვარგარეთ იქ, სადაც ათასობით ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს. "ემგიდმა" არაერთი განცხადება შევიტანეთ ამასთან დაკავშირებით, მიუხედავად ამისა, უკანონო უარს გვეუბნება და ასიათასობით ჩვენ მოქალაქეს ართმევს ხმის მიცემის უფლებას, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში.
კანონის 23-ე მუხლის 27-ე პუნქტის თანახმად, ვალდებულია, თუ 50 მოქალაქე მიმართავს და შესაბამის საკონსულო რეგისტრაციის მტკიცებულებას წარმოადგენს, გახსნას საარჩევნო უბანი საზღვარგარეთ.
ჩვენ, ამ წუთში, შევიტანეთ სტრასბურგიდან მოთხოვნა, უბნის გახსნასთან დაკავშირებით. სტრასბურგი არის ევროპის ცენტრი და უამრავი ევროსტრუქტურაა იქ, სირცხვილია, რომ საკონსულო წარმომადგენლობა არ არის სტრასბურგში და უბანს არ უხსნიან ათასობით ადამიანს.
გარდა ამისა, ჩვენ ბევრ სხვადასხვა ქალაქში გვაქვს შეტანილი განცხადება და ასიათასობით მოქალქე ელოდება უბნის გახსნას.
მოვუწოდებთ ცესკოს, დაიცვას კანონი, როგორც თავად აცხადებენ, ეს არის იმპერატიული მოთხოვნა კანონის, რომ ყველა იმ ქალაქში, სადაც 50 ადამიანზე მეტი დარეგისტრირდება, გაიხსნას უბანი, უმრავლესობა თანახმაა, რომ დაიქირაონ უბანი და ხელისუფლებას ამაშიც დაეხმარნონ, არანაირი ხარჯი მათ არ ექნებათ, შესაბამისად, მოვუწოდებთ კანონის დაცვისკენ, 48 საათში მიიღონ ეს გადაწყვეტილება და, როგორც სტრასბურგში, ასევე უამრავ სხვა ქალაქში გახსნან საარჩევნო უბანი და მისცენ ჩვენ მოქალაქეებს საშუალება, რომლებიც წლებია არჩენენ ოჯახებს, ჩვენ ქვეყანას, საკუთარი კონსტიტუციური უფლების რეალიზების.
2024 წლის არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამის ახსნა ემიგრანტებს არ სჭირდებათ, რადგან საოცარი მობილიზებაა მათი მხრიდან. ძალიან ცოტა დროა დარჩენილი, რეგისტრაციის ბოლო დღე იქნება 7 ოქტომბერი, ამიტომ ემიგრანტებს ვთხოვ, "Emguide.ge-ზე" დარეგისტრირდნენ, პირობას ვაძლევთ, რომ მათი ხმა იქნება დაცვული და ვთხოვ, რომ 26 ოქტომბერი დაუთმონ საკუთარი ქვეყნის მომავალს და გამოიყენონ ხმის მიცემის უფლება.