საქართველოს ათი ათასობით მოქალაქის პირადი მონაცემები რუსულ სერვერებზე - ექსპერტები საფრთხეებზე საუბრობენ
რუსეთისთვის გადაცემული მონაცემების სკანდალი - მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ საქართველოს მოქალაქეების პირადი მონაცემები ოკუპანტების ხელშია, უსაფრთხოების ექსპერტები და პოლიტიკოსები ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში სანდრო შელია "პირველებთან" იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები რუსეთისთვის პერსონალური მონაცემების გადაცემით შეიძლება აღმოჩნდნენ.
ექსპერტი ხაზგასმით ამბობს, რომ საუბარია მტერ სახელმწიფოზე, რომლის მიზანსაც საქართველოში პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა წარმოადგენს.
როცა პირადი მონაცემები, მისამართები და ა.შ. შენი მტერი სახელმწიფო ხელში უკანონოდ ხვდება, ეს ყოვლად მიუღებელია და რა თქმა უნდა, არ უნდა შემოიფარგლოს სახელმწიფო მხოლოდ ჯარიმით. აქ უნდა იყოს მიღებული ბევრად უფრო მკაცრი ზომები. მათი მიზანი არის პოლიტიკური, მათი მიზანია არეულობის წარმართვა, სიტუაციის გაუარესება, მოსახლეობისთვის ანტიდასავლური და პრორუსული აზრების თავზე მოხვევა და როდესაც გაქვს ინფორმაცია ბევრი ადამიანის შესახებ, შენ შეგიძლია ეს გამოიყენო როგორც საფუძველი იმისთვის, რომ მოახდინო შესაბამისი მანიპულაცია, - ამბობს სანდრო შელია.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინფორმაციით, იანდექსის ტაქსის აპლიკაცია მომხმარებლების შესახებ პერსონალურ მონაცემებს რუსეთში განთავსებულ სერვერებზე გზავნიდა.
შედეგად საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია კანონდარღვევით განთავსდა რუსულ სერვერებზე და ის ხელმისაწვდომი აღმოჩნდა უცხო სახელმწიფოსთვის.