პაპუაშვილი ადასტურებს, რომ ბაიდენთან მიღებაზე კობახიძეს მიწვევა გაუუქმეს

25.09.24 12:21
პაპუაშვილი ადასტურებს, რომ ბაიდენთან მიღებაზე კობახიძეს მიწვევა გაუუქმეს

შალვა პაპუაშვილი ადასტურებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე ირაკლი კობახიძეს მიწვევა გაუუქმეს.

პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნულ ქმედებას არასერიოზულს უწოდებს.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამერიკას შეეძლო სტუმართ-მასპინძლობა მაინც ესწავლა ქართველი ხალხისგან.

„როგორც ვიკითხე, მართლაც ასე მომხდარა. არასერიოზულია, რაზე უნდა ვისაუბროთ საერთოდ. თავისივე გაგზავნილი მოწვევა, მეორე დღეს უკან გაიწვიეს. ასეთი ქცევა არასერიოზულია. უპირველესად, ეს არის ამერიკის და ამერიკელი ხალხის შეურაცხყოფა, რაც ამ ქცევით ვიხილეთ ადმინისტრაციის მხრიდან.

მეორე მხრივ, რაც უფრო აუხსნელი და მძიმეა ქმედებები, ეს პირდაპირი ინდიკატორია საქართველოში ოპოზიციის მდგომარეობის. იმდენად სავალალოა ოპოზიციის მდგომარეობა, ყველანაირ სტანდარტს ქვემოთ ქმედებებსაც კი აღარ ერიდება, მათ შორის აშშ-ის ადმინისტრაცია, რომ რაღაცნაირად უბიძგოს ოპოზიციას, სალაპარაკო თემა მისცეს. ესეც, სამწუხაროდ, ერთ-ერთი გამოვლინებაა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევის.

ამ საქციელს ვერანაირად ვერ შევაფასებ. ამდენი წელია ამერიკის ადმინისტრაცია სტრატეგიულ პარტნიორს გვიწოდებს და სტუმარ-მასპინძლობა მაინც ესწავლათ ქართველი ხალხისგან. მინიმუმ ეს შეეძლოთ წაეღოთ ჩვენი ხალხისგან. როგორც ჩანს, ესეც ვერ გავუზიარეთ სათანადოდ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ნიუ-იორკში ჯო ბაიდენის მიღებაზე ირაკლი კობახიძის მიწვევა გაუქმებულია, - ამის შესახებ ინფორმაცია ექსკლუზიურად "ამერიკის ხმისთვის" გახდა ცნობილი.

როგორც „ამერიკის ხმისთვის“ გახდა ცნობილი, პრეზიდენტის მიღებაზე მიწვეულთა სიაში, თავდაპირველად, ასევე იყო ირაკლი კობახიძე, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ მიწვევა გააუქმა.

გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის მიწვევის გაუქმებასთან ერთად, ადმინისტრაციამ ასევე უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე და პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრაზე, ასევე უარი თქვა ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა.

 

მსგავსი სიახლეები