კობახიძისთვის აშშ-ში მიღების გაუქმება ჩვენი პოლიტიკის შედეგი არ არის - ვოლსკი
"ოცნების "წევრი გია ვოლსკი ბაიდენის მიღებაზე ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმებას პოლიტიკური დემარშად აფასებს და ამტკიცებს, რომ შტატებმა ეს ნაბიჯი „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დასაბრუნებლად გადადგა.
ვოლსკი ირწმუნება, რომ შტატებთან ბოლოდროინდელი ურთიერთობა "ოცნების" პოლიტიკის შედეგი არ არის.
რასაკვირველია, ეს არის პოლიტიკური დემარში - აშშ-მ გადადგა ეს ნაბიჯი და მისი ინტერესი კიდევ ერთხელ გამოიხატა, რომ ხელისუფლებას „ნაცმოძრაობა“ დაუბრუნდეს. მათ დასახმარებლად არის რგოლი გადმოგდებული.
კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ პულსი აღარ ესინჯება და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეს ნაბიჯი სწორედ მის დასახმარებლად გადადგა.
ეს არის ნეიტრალური ტერიტორია, სადაც ყველა ქვეყნის წარმომადგენლები ერთმანეთს ესალმებიან, მაშინაც თუკი ბრძოლის ველზე არიან დაპირისპირებულები. ჩვენი პოლიტიკის შედეგი არ არის", - ამბობს გია ვოლსკი.
ნიუ-იორკში ჯო ბაიდენის მიღებაზე ირაკლი კობახიძის მიწვევა გაუქმებულია, - ამის შესახებ ინფორმაცია ექსკლუზიურად "ამერიკის ხმისთვის" გახდა ცნობილი.
როგორც „ამერიკის ხმისთვის“ გახდა ცნობილი, პრეზიდენტის მიღებაზე მიწვეულთა სიაში, თავდაპირველად, ასევე იყო ირაკლი კობახიძე, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ მიწვევა გააუქმა.
გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის მიწვევის გაუქმებასთან ერთად, ადმინისტრაციამ ასევე უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე და პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრაზე, ასევე უარი თქვა ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა.