გაუქმებული მიპატიჟება ნიშნავს, რომ ამერიკამ ხელი ჩაიქნია ივანიშვილის ხელისუფლებასთან რაიმე თანამშრომლობის შანსზე - სამადაშვილი

25.09.24 13:15
გაუქმებული მიპატიჟება ნიშნავს, რომ ამერიკამ ხელი ჩაიქნია ივანიშვილის ხელისუფლებასთან რაიმე თანამშრომლობის შანსზე - სამადაშვილი

"ძლიერი საქართველოს" ლიდერი, სალომე სამადაშვილი ამბობს, ირაკლი კობახიძის გაუქმებული მიპატიჟება ბაიდენის მიღებაზე ნიშნავს, რომ ამერიკამ, საბოლოოდ ხელი ჩაიქნია ივანიშვილის ხელისუფლებასთან რაიმე თანამშრომლობის შანსზე.

სამადაშვილის თქმით, ეს ფაქტი ასევე იმის ნიშანია, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ ოფიციალურად  ისეთი ქვეყნების რანგში გადაინაცვლა, როგორებიცაა, რუსეთი, ირანი, ვენესუელა და სხვა.

მიღებაზე პატიჟებენ ფაქტიურად ყველას, მათ შორის ისეთი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც შეიძლება არ არიან შტატების სტრატეგიული მოკავშირეები და გაუქმებული მიპატიჟება ნიშნავს იმას, რომ ოფიციალურად საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ გადაინაცვლა ისეთი ქვეყნების რანგში, როგორიც არის რუსეთი, ირანი, ვენესუელა და სხვა ქვეყნები, რომლებიც პირდაპირ ანტაგონისტურ ურთიერთობაში შტატებთან. ანუ, ეს ფაქტიურად, სწორედ ნიშნავს, რომ ამერიკამ ხელი ჩაიქნია ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებასთან რაიმე თანამშრომლობის შანსზე", - განაცხადა სამადაშვილმა. 

ნიუ-იორკში ჯო ბაიდენის მიღებაზე ირაკლი კობახიძის მიწვევა გაუქმებულია, - ამის შესახებ ინფორმაცია ექსკლუზიურად "ამერიკის ხმისთვის" გახდა ცნობილი.

როგორც „ამერიკის ხმისთვის“ გახდა ცნობილი, პრეზიდენტის მიღებაზე მიწვეულთა სიაში, თავდაპირველად, ასევე იყო ირაკლი კობახიძე, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ მიწვევა გააუქმა.

გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის მიწვევის გაუქმებასთან ერთად, ადმინისტრაციამ ასევე უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე და პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრაზე, ასევე უარი თქვა ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა.

მსგავსი სიახლეები