ბადრი ჯაფარიძე: ჩვენი გეგმების შემდეგ ქუთაისი ლოჯისტიკური ჰაბი გახდება

25.09.24 13:52
ბადრი ჯაფარიძე: ჩვენი გეგმების შემდეგ ქუთაისი ლოჯისტიკური ჰაბი გახდება

"ქართული ოცნების" მიერ გაჩერებული ეკონომიკა, დაპაუზებული პროექტები და უფუნქციოდ დარჩენილი ქუთაისი  - ეს საკითხები იყო განხილვის მთავარი თემა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებთან შეხვედრის დროს.

 პოლიტიკური გაერთიანების  ლიდერებმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ხალხს ინფორმაცია იმ პროექტებზეც მიაწოდეს  რომელსაც არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში "ძლიერი საქართველო" ქუთაისში გეგმავს. 

ჩვენი გეგმების განხორციელების ერთადერთი გზაა, 26 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ გასტუმრებული იქნას ხელისუფლებიდან იმისთვის, რომ დავიწყოთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობა, - თქვა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ სიტყვით გამოსვლისას. 

დღესვე გაირკვა, რომ კოალიციას კოტე ჭარხალაშვილი  შეუერთდა. 

ჯაფარიძემ ქუთაისის საგანმანათლებლო, კულტურულ და ინდუსტრიულ როლზე ისაუბრა და ქუთაისელებს, გამარჯვების შემთხვევში ასობით სამუშაო ადგილის შექმნას დაჰპირდა.

ვიმყოფებით საქართველოს გულში, ზაქარია ფალიაშვილის, ანა კალანდაძის ქალაქში, რომელიც დღეს არის დაცარიელებული, განადგურებული, რომელიც არის მაგალითი იმ უნიათო და მავნებლური მმართველობის, რომელსაც "ოცნება" ბოლო 12 წლის განმავლობაში ახორციელებს.

"ძლიერი საქართველო" დებს პირობას, რომ ქუთაისი დაიბრუნებს იმ ფუნქციას, რომელიც მას ჰქონდა საქართველოს ისტორიული კუთხით, როგორც საგანმანათლებლო, ინსდუსტრიული და კულტურული ცენტრი. ქუთაისი კვლავ ამოქმმედდება და საქართველოს გული კვლავ გაცოცხლდება.

ჩვენი ამოცანაა, რომ ქუთაისმა შეიძინოს ლოჯისტიკური ჰაბის ფუნქცია. ქუთაისის მდებარეობა იძლევა იმის საშუალებას, რომ ეს ქალაქი იყოს საჰაერო გადაზიდვების კვანძი, ასევე სარკინიგზო, სატრანსპორტო კვანძი.

ამავდროულად, ჩვენ შევქმნით ქუთაისში ასობით ახალ სამუშაო ადგილს. ჩვენი ამოცანაა, რომ ქუთაისელები დავაბრუნოთ მათ მშობლიურ ქალაქში", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 

მსგავსი სიახლეები