სახალხო მობილიზაცია ხმების დასაცავად - მოქალაქეების გადამზადება დაიწყო
სახალხო მობილიზაცია ხმების დასაცავად დაწყებულია. 2024 წლის არჩევნებს ისტორიაში პირველად რიგითი მოქალაქეების უპრეცედენტო რაოდენობა დააკვირდება. ახალი დამკვირვებლების გადასამზადებლად კი ორგანიზაცია „საქართველო ირჩევს ევროკავშირს" -მა უკვე დაიწყო. კოიალიცია, რომელიც 30-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, საინფორმაციო შეხვედრას იმ ტრენერებთან მართავს, ვინც გადამწყვეტ არჩევნებზე დამკვირვებლად რეგისტრირებული 3500-ზე მეტი მოქალაქე, მათ შორის მსახიობები, რეჟისორები და საზოგადოების ცნობილი სახეები უნდა გადაამზადონ.
მნიშვნელოვანია, რომ უბნებზე კენჭისყრის დღეს იყვნენ მაქსიმალურად გადამზადებული დამკვირვებლები და მათ ჰქონდეთ ყველა ის ინფორმაცია საარჩევნო კანონმდებლობიდან გამომდინარე, რომელიც მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესების სამართლიანობის, დემოკრატიული კუთხით ჩატარების დასაკვირვებლად. შესაბამისად, ჩვენ ვახდენთ საარჩევნო დამკვირვებელთა გადამზადებას, რომლებიც კენჭისყრის დღეს უშუალოდ მთელი დღის განმავლობაში დააკვირდებიან საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას, რომელიც შემდგომში საფუძველი გახდება არა მხოლოდ იმის, რომ ანგარიშები დავამუშავოთ და ვთქვათ, რამდენად სამართლიანი და დემოკრატიული იყო საპარლამენტო არჩევნები, არამედ ეს არის ერთგვარი პრევენცია დარღვევების და ასევე ამომრჩეველთა უფლებების დასაცავად, - ამბობს გვანცა საკანელაშვილი.
დედაქალაქის ქუჩებში უკვე გამოჩნდა სპეციალური სტენდებიც. ახალგაზრდები საინფორმაციო ბუკლეტებს არიგებენ, სადაც წერია, რატომ არის მნიშვნელოვანი წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები. ამასთან ახალგაზრდები მოქალაქეებს უხსნიან, როგორ უნდა მისცენ ხმა სასურველ კოალიციას.