"არასერიოზული და უსამართლო" - "ოცნება" სენატში ჩანიშნულ განხილვაზე

25.09.24 15:25
"არასერიოზული და უსამართლო" - "ოცნება" სენატში ჩანიშნულ განხილვაზე

"ქართველი ხალხის აქტის" განხილვა სენატში - "ქართულ ოცნება" აშშ-ს ისევ თავს ესხმის. შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, ვიდრე კონგრესი და სენატი 2020 წლის პარალელური დათვლის  შედეგების გავრცელებაში აშშ-ს როლს არ აღიარებს, მანამდე ყველა მათი გადაწყვეტილება არასერიოზული და არაკეთილსინდისიერი იქნება.

მანამ, სანამ კონგრესი და სენატი არ გამოიძიებს 2020 წელს პარალელური დათვლის ყალბის შედეგების გავრცელების აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენლების როლს და კერძოდ, USAID-ის ჩართულობას პივიპის მანიპულირებული შედეგების გავრცელებაში, მანამდე ნებისმიერი ასეთი სახის გადაწყვეტილება არ არის სერიოზული და კეთილსინდისიერი, - ამბობს პაპუაშვილი.

გია ვოლსკი ამბობს, რომ სენატის მკაცრ გადაწყვეტილებას არ ელოდება და თუ მაინც ასე მოხდა, ეს უსამართლობა და ოპოზიციის ნიადაგზე წყლის დასხმა იქნება. 

ასეთი მკაცრი გადაწყვეტილების მიღებას, რასაკვირველია, არ ველოდებით და თუ ეს მოხდა, ეს იქნება უსამართლობა და დიდი შეცდომა, ვინაიდან ამით ისარგებლებს ის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც საქართველო ამ სისხლში დაბანა 2012 წლამდე და დღეს კიდევ ხელისუფლებაში მოსვლას ლამობს. ეს მათი ხელშემწყობი აქტი იქნება იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლების სტრუქტურებს დაუპირისპირდნენ მკაცრი გადაწყვეტილებებით, - ამბობს ვოლსკი.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატში, დღეს, 25 სექტემბერს, "ქართველი ხალხის აქტზე" იმსჯელებენ. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები დოკუმენტში საბოლოო შესწორებებს განიხილავენ. ორპარტიული კანონპროექტის ავტორები სენატორები, ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი არიან. 

„ქართველი ხალხის აქტი" დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში ბრალდებული თანამდებობის პირებისთვის სანქციებსა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები