"პუტინისტური ხროვა" - მარგველაშვილი "ოცნებაზე"
"ქართული ოცნების" მიერ ანტიდემოკრატიული განცხადებების გაკეთების შემდეგ, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი მარგველაშვილმა მმართველი პარტია "პუტინისტურ ხროვად" გამოაცხადა და გორში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლის დროს ივანიშვილის გუნდი საქართველოს რუსეთისთვის მიყიდვაში დაადანაშაულა.
მტერს, რომელმაც გადაწყვიტა, ჩააბაროს პუტინს ის ქვეყანა, რომელიც არასდროს არ გატეხილა, აი, იმ მტერს მშვიდობიანად, ძლიერად გავუშვებთ ისტორიის იმ მხარეს, სადაც ისინი დადგნენ, ანუ წარსულში"- თქვა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი "ქართულ ოცნებას" საერთაშორისო იზოლაციაში მოქცეულ ძალად მიიჩნევს და ამბობს, რომ მმართველი პარტიის ლიდერებს აღარსად აღარ მიესვლებათ, რადგან ანტიდასავლური რიტორიკის გამო, პარტნიორებმა კარი დაუხურეს.
გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ "ძლიერი საქართველოა" სწორედ ის კოალიცია, რომელსაც ქართველი ხალხი რეალურ ალტერნატივად მიიჩნევს.
ჩემი ადგილი, როგორც ერთი ქართველის, რომელსაც მინდა, რომ ჩემ სამშობლოს ვემსახურო, რა თქმა უნდა, აქ არის, ამ გაერთიანებაშია, ძლიერ საქართველოშია იმიტომ, რომ ბევრი მიზეზი გამაჩნია ამის სათქმელად.
ეს გაერთიანება არის ის, რასაც ძალიან დიდი ხანი ელოდა ქართველი ამომრჩეველი. მართლა დიდხანს ელოდა. მართლა ეს მოთხოვნა, რომ მოდი, შევქმნათ რეალობა, რომელიც აი, იმ ორი წარსული პოლიტიკური ძალისგან განსხვავებულია და ჭეშმარიტად გვაძლევს შესაძლებლობას, მივიღოთ ჩვენი არჩევანი, მივიღოთ ჩვენი გადაწყვეტილება, რომელიც არ არის დამძიმებული იმ პრობლემებით, რომელიც წინა ხელისუფლებებს ჰქონდა - აი, ეს გაერთიანება, ეს ისტორიული მოთხოვნა ქართველი ამომრჩევლის დღეს შედგა და ბუნებრივია, რომ მეც იმ პოზიციაზე ვდგავარ, სადაც მანამდე ვიდექი...
ახლა მინდა ვისაუბრო იმ ძალიან მნიშვნელოვან მომავალზე, რომელსაც ჩვენ ერთად შევქმნით ამ ქვეყანაში, როდესაც დავუბრუნებთ საქართველოს ქართველებს და როდესაც პუტინისტურ ხროვას, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ჩვენი ქვეყანა ასე ჩააბაროს ისტორიიდან ჩამყაყებულ რუსეთს, იმას როდესაც გამოვგლეჯთ საქართველოს და დავუბრუნებთ მის ისტორიულ არჩევანს, ამაზე მინდა გესაუბროთ.
ეს ბრძოლა იწყება და უკვე მიმდინარეობს ყველა ქართველის, ყველა პატრიოტის გულში. ეს ბრძოლა ყველა ადამიანს აყენებს გარკვეულ ადგილას. დღეს საქართველო გაიყო პატრიოტებად და იმ ადამიანებად, რომელთაც აღარსად აღარ მიესვლებათ და კარს აღარსად აღარ გაუღებენ. ჩემი ადგილი აქ, ამ გაერთიანებაში, "ძლიერ საქართველოშია", რადგან ეს გაერთიანება არის ის, რასაც ძალიან დიდხანს ელოდება ქართველი ამომრჩეველი", - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.
საქართველოს მეოთხე პრეზინდეტი, გიორგი მარგველაშვილი კოალიცია “ძლიერ საქართველოს“ შეუერთდა.
მარგველაშვილი, ცოტა ხნის წინ, გორში, რეგიონულ შეხვედრაზე კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ წარადგინა.