ბაიდენის მიღებაზე დაბლოკილი პრემიერი - დარჩიშვილი პირველ კომენტარს აკეთებს
საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმების გადაწყვეტილებას “სამწუხაროს“ უწოდებს და ამბობს, რომ "მათ ექნებათ შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გადახედონ ამ გადაწყვეტილებას".
დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის მზად არის დიალოგისთვის.
ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. საქართველოს ხელისუფლება, როგორც მანამდე, დღესაც და მომავალშიც გააგრძელებს მზადყოფნას და მზაობას, ჰქონდეს სტრატეგიულ პარტნიორთან ღია, გულწრფელი დისკუსია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს ორმხრივ ფორმატში, აშშ-სა და საქართველოს შორის. ჩვენ ყოველთვის გამოვხატავდით მზადყოფნას ღია, გახსნილი, გულწრფელი დიალოგის და დღესაც იგივე პოზიციას ვინარჩუნებთ მიუხედავად ამ ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილებისა, რომელიც იქნა მიღებული.
ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ პარტნიორებმა, რომლებმაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება, მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ გადახედონ მას”, -განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, 25 სექტემბერს, ნიუ-იორკში მსოფლიო ლიდერებს და გაეროს მაღალჩინოსნებს ტრადიციულ მიღებაზე უმასპინძლებს. “ამერიკის ხმის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტის მიღებაზე მიწვეულთა სიაში, თავდაპირველად, ასევე იყო ირაკლი კობახიძე, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ მიწვევა გააუქმა.