"რეპრესიების იარაღი ხელისუფლების ხელში" - ანალიტიკოსები ანტიკორუფციულზე
რეპრესიების იარაღი ხელისუფლების ხელში - ასე აფასებენ ანალიტიკოსები ანტიკორუფციული ბიუროს შეტევას მესამე სექტორზე. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენლის, სანდრო ბარამიძის თქმით, ხელისუფლება ამ უწყებას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.
ამ ბიურომ დაამტკიცა, რომ ის არის იარაღი ხელისუფლების ხელში იმისთვის, რომ მოახდინოს პოლიტიკური პარტიების და სხვა სუბიექტების, რომლებსაც ის მიიჩნევს პოლიტიკური მიზნების თუ დეკლარირებული მიზნების მქონე საარჩევნო სუბიექტებად, მათ მიმართ რეპრესიების განხორციელებაზე. ეს განახორციელა სწორედ ამ დღეებში მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიმართაც და სენატორების რეაქცია იყო მყისიერი და ძალიან დროული, - ამბობს სანდრო ბარამიძე.
ფონდ "ჭავჭავაძის ცენტრის" დამფუძნებელთა საბჭოს თავმჯდომარე ზაზა ბიბილაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ რაჟდენ კუპრაშვილი ანტიკორუფციულის უფროსად პოლიტიკური დავალებების შესასრულებლად დანიშნეს. მისი თქმით, გამოსავალი მხოლოდ სისტემური რეფორმაა.
ანტიკორუფციული სამსახური და მისი ხელმძღვანელი ვერაფერს გააკეთებს, ვინაიდან ის იმთავითვე დანიშნულია ამ თანამდებობაზე პოლიტიკური დავალებების შესასრულებლად და ამას ასრულებს პირველივე დღიდან პირნათლად. ამ სისტემას უშველის მხოლოდ და მხოლოდ სრული კათარზისი და სრული რეფორმა, მათ შორის, სრული საკადრო რეფორმა, - ამბობს ბიბილაშვილი.
"ალესანდრე რონდელის ფონდის" უფროსი ანალიტიკოსი გიორგი ბადრიძე ფიქრობს, რომ აშშ საქართველოში დემოკრატიის ჩამოქცევის გამო "ოცნების" მიმართ ქმედით ნაბიჯებს გადადგამს.
მე დარწმუნებული ვარ, რომ აშშ ამჯერად უკვე ძალიან სერიოზულად არის განწყობილი საქართველოში დემოკრატიის ჩამოქცევის ფაქტის გამო და მათ უკვე აქვთ გადადგმული ნაბიჯები, რომელიც მარწმუნებს, რომ ისინი ადექვატურად რეაქციას მისცემენ ყველა დამნაშავის მიმართ, მათ შორის პირადად ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ჩემი აზრით, გზავნილი ძალიან ნათელია, - ამბობს გიორგი ბადრიძე.
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა ორი დღის წინ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" და ორგანიზაცია "აირჩიე ევროპა" საარჩევნო პროცესის მონაწილეებად გამოაცხადა და ფინანსური გადარიცხვების შესახებ ინფორმაციის წარდგენა 5 დღის ვადაში მოსთხოვა. კუპრაშვილის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ამ ორგანიზაციების მიმართ " სხვა ზომებს" გამოიყენებს. რა ზომებზეა საუბარი, ანტიოკრუფციულის ხელმძღვანელს აღარ დაუკონკრეტებია.