ზალკალიანი ამბობს, რომ კობახიძისთვის მიწვევის გაუქმებაზე ამერიკელ მეგობრებთან "გულწრფელი საუბარი" ექნება
დავით ზალკალიანი ამტკიცებს, რომ აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია "არასერიოზულია".
„ძალიან არასერიოზულია ეს ყველაფერი, არც ვაპირებ ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთებას. ყოველთვის ვიყავი ჩემი ქვეყნის სამსახურში და რა თქმა უნდა, არცერთმა პოლიტიკურმა ძალამ, ჩვენმა ოპონენტებმა არ უნდა მისცენ თავს იმის უფლება, ჩემი სახელი იქნება თუ სხვისი, გამოიყენონ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის“, - ამბობს ზალკალიანი.
რაც შეეხება აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმებას. ზალკალიანის თქმით, ამერიკელ მეგობრებთან ამ საკითხთან დაკავშირებით „გულწრფელი საუბარი“ ექნება.
„ძალიან ვწუხვარ, რომ ამგვარ ფაქტს ჰქონდა ადგილი, რა თქმა უნდა, ეს არავითარ შემთხვევაში არ შეესაბამება სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობას და მე ამაზე მექნება ძალიან გულწრფელი საუბრები ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან. რა თქმა უნდა, სტრატეგიულ პარტნიორებს შორისაც არის გაუგებრობები, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ პრობლემას აუცილებლად სჭირდება გულწრფელი საუბარი, დიალოგი და სწორი შეფასება, იმისთვის რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ სტრატეგიულ პარტნიორებს შორის არსებულ ურთიერთობებში“, -დასძინა ზალკალიანმა.
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ მსოფლიო ლიდერებისა და გაეროს მაღალჩინოსნების ტრადიციულ მიღებაზე ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს მიწვევა გაუუქმა.
ფაქტი გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, რამდენიმე საათში კი ტავად პრემიერმა კობახიძემაც დაადასტურეს.