პოლარიზაციის უპრეცედენტო დონე და რეფერენდუმად ქცეული არჩევნები - PACE საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს აფასებს

26.09.24 16:36
პოლარიზაციის უპრეცედენტო დონე და რეფერენდუმად ქცეული არჩევნები - PACE საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს აფასებს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტი დასრულდა - მისია ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც საქართველოში წინასაარჩევნო გარემოსა და რისკებს აფასებს.

PACE-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში პოლიტიკური ლანდშაფტის პოლარიზაციამ უპრეცედენტო დონეს მიაღწია, რაც არჩევნებს დე ფაქტო რეფერენდუმად აქცევს ქვეყნის დემოკრატიული ტრაექტორიისა და საგარეო კავშირების შესახებ.

ამასთან, დელეგაცია შეშფოთებას გამოთქვამს მმართველი პარტიის მიერ სხვადასხვა ბერკეტების გამოყენებით ოპოზიციური სპექტრის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის შევიწროების მცდელობის, მათ მიმართ მუქარის, დაშინების და სიძულვილის ენის გამოყენების შესახებ.

"ჩვენ შეშფოთებულნი ვართ არასამთავრობო ორგანიზაციების "საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად" გამოცხადებით" - ვკითხულობთ განცხადებაში.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, აუცილებელია ქვეყნის კანონიერი ადგილის დასაცავად ევროპულ სტრუქტურებში.

ჩვენი დელეგაცია შეშფოთებულია იმით, რომ პოლიტიკური ლანდშაფტის პოლარიზაციამ მიაღწია უპრეცედენტო დონეს, რაც მოახლოებულ არჩევნებს საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიისა და საგარეო განლაგების შესახებ დე ფაქტო რეფერენდუმად აქცევს. ვიზიარებ დელეგაციის თანამოსაუბრეების შეშფოთებას დემონსტრაციების ჩახშობის და განსხვავებული აზრის გამოხატვის შესახებ. ხელისუფლებას მოეთხოვება, იმოქმედოს ადამიანის უფლებათა სტანდარტების შესაბამისად, თავი შეიკავოს ძალის არაპროპორციული გამოყენებისგან და გამოავლინოს ნება, ჩაატაროს სათანადო გამოძიება ძალადობის შემთხვევებზე.

ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ ოპოზიციის წევრების შევიწროების, ასევე მუქარის, დაშინებისა და სიძულვილის ენის გამოყენების შესახებ, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ხორციელდება. მოვუწოდებ შესაბამის ორგანოებს, სრულად და გამჭვირვალედ გამოიძიონ ეს ბრალდებები. მე ვწუხვარ არჩევნების წინ აქტივისტებზე და ადგილობრივ დამკვირვებლებზე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის შემზარავ ეფექტის შესახებ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ასამბლეის მოთხოვნას, გააუქმოს ეს კანონი, რომელიც შეუთავსებელია ევროპულ დემოკრატიასთან და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან.

მოვუწოდებ ხელისუფლებას გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება - აღვნიშნავთ იმ კუთხით, რომ ეს კანონმდებლობა განიხილება საკონსტიტუციო სასამართლოში. ამ კუთხით, ჩვენ შეშფოთებულნი ვართ არასამთავრობო ორგანიზაციების "საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად" გამოცხადებასთან დაკავშირებით, რომლებიც ექვემდებარებიან იმავე ფინანსურ ზედამხედველობას და შეზღუდვებს, როგორც პოლიტიკური პარტიები.

ჩვენ ასევე გვინდა გამოვხატოთ ჩვენი შეშფოთება პოლიტიზებული სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მედიის მიმართ. ჩვენ მოვისმინეთ შეშფოთება ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და საჯარო მოხელეებზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ, რაც გავლენას მოახდენს თანაბარ პირობებზე. მოვუწოდებ ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავონ პოლიტიკური პლურალიზმის შელახვის რიტორიკისაგან, როგორიცაა ოპოზიციის აკრძალვის მოწოდება, რაც სერიოზულად შეაფერხებს საქართველოს ევროპის საბჭოს წევრობის ვალდებულებებს." - ნათქვამია PACE-ის დელეგაციის ხელმძღვანელის, იულიან ბულაის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები