კენჭისყრა დასრულებულია - ცესკოს გადაწყვეტილების შემდეგ ოპოზიციის ნაწილმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
საზღვარგარეთ, 42 ქვეყანაში, მხოლოდ 60 საარჩევნო უბანი გაიხსნება - ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნას მხარი არ დაუჭირა. კენჭისყრას ცესკოს სხდომაზე ხმაური მოჰყვა, რის შემდეგაც ოპოზიციის ნაწილმა სხდომათა დარბაზი დატოვა.
ოპოზიცია მოითხოვდა, რომ ემიგრანტებისთვის არა 60 არამედ უფრო მეტი უბანი გახსნილიყო საარჩევნოდ. თუმცა ცესკომ უკვე გადაწყვეტილება მიიღო და 65 ათასი ემიგრანტისთვის მხოლოდ 60 უბანი გაიხსნება.
ასევე დაპირისპირების საგნად იქცა ემიგრანტების რაოდენობაც. საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე 128 ათასი ემიგრანტია დარეგისტრირებული საკონსულო აღრიცხვაზე, თუმცა როგორც ცესკო ამტკიცებს, სამინისტრომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მხოლოდ 65 ათასი ემიგრანტის ინფორმაცია გადასცა. თუ რატომ არ ემთხვევა ციფრები ერთმანეთს, ამის შესახებ პასუხი ცესკოს არ ჰქონდა.