“ოცნება" არის აბსოლუტურად გაკოტრებული და ის არჩევნებს აგებს - ირაკლი ქობალია
"ქართული ოცნება" არის ავტორიტარული კონსოლიდაციის დასკვნით ფაზაში და არის მზად, რომ ბოლომდე წაართვას თავისუფლება ქართველ ხალხს, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ირაკლი ქობალიამ “რეაქციის“ ეთერში განაცხადა.
ქობალიას მტკიცებით, “ევროკავშირის წევრობაზე “ოცნება“ უარს ძალაუფლების შენარჩუნების გამო ამბობს.“
ჩვენ ვართ ისტორიულ გზაგასაყარზე, ეს არის მიზეზი, რატომაც გადავწყვიტეთ, რომ ჩავრთულიყავით ამ პროცესში. ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები, "ქართული ოცნება" არის ავტორიტარული კონსოლიდაციის დასკვნით ფაზაში და არის მზად, რომ ბოლომდე წაართვას თავისუფლება ქართველ ხალხს, უარი თქვას იმ ისტორიულ შესაძლებლობაზე, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, ერთი ხელის გაწვდენაზეა. ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, ამისთვის ყველა მზადაა და "ქართული ოცნება" უარს ამბობს იმიტომ, რომ ერთადერთი მოტივაცია, რომელიც მათ აქვთ არის ძალაუფლების შენარჩუნება.
მათ არაფერი აქვთ სათქმელი საქართველოს მოქალაქეებისთვის, ქართველი ხალხისთვის, მათ არ აქვს პოზიტიური დღის წესრიგი, გარდა შიშისა, პროპაგანდისა და ძალადობისა, რაზეც ეს ხელისუფლება დგას, ამიტომ ეს არის მკაფიო არჩევანი, რომელიც დღეს ჩვენს წინაშეა.
"ქართული ოცნება" არის, აბსოლუტურად, გაკოტრებული, ნებისმიერი გამოკითხვითა და ნებისმიერი ნორმალური არჩევნების პირობებში, "ქართული ოცნება" ამ არჩევნებს აგებს.
გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ოპოზიციის საინტერესო კონფიგურაცია, ადამიანებს აქვთ არჩევანი, არიან სხვადასხვა პოლიტიკური ძალები, რომლებიც ასხივებენ პოზიტიურ ენერგიას, იდეებს, ერთმანეთს თავს არ ესხმიან და სწორედ ამ ოპოზიციური კონფიგურაციის შუაგულში არის “ძლიერი საქართველო“, რომელიც აერთიანებს პრეზიდენტ მარგველაშვილს, "ლელოს", ალეკო ელისაშვილს, ანა დოლიძესა და "თავისუფლების მოედანს".“,- განაცხადა ქობალიამ.