არჩევნებამდე 30 დღით ადრე, რეალურად, ხელისუფლება გვპირდება ერთადერთს - დიქტატურას - გრიგოლ გეგელია

26.09.24 23:45
არჩევნებამდე 30 დღით ადრე, რეალურად, ხელისუფლება გვპირდება ერთადერთს - დიქტატურას - გრიგოლ გეგელია

ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელმაც ღიად გამოაცხადა კაპიტულაცია, რომელიც უკვე ენის მიკიბვ-მოკიბვითაც კი აღარ ამბობს ამას და გვეუბნება, რომ ქართული სახელმწიფოებრივი ინტერესი მათთვის არაფერს ნიშნავს, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ „რეაქციაში“ განაცხადა.

გეგელიას თქმით, “მმართველი გუნდი ღიად გვეუბნება, რომ რუსეთი ოკუპანტი არ არის და ისეთი პოლიტიკა უნდა გავატაროთ, რომელიც მათ ინტერესს ემსახურება.“

ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ღიად გვეუბნება, რომ რუსეთი არ არის ოკუპანტი, რომ პირიქით, რეალურად, ჩვენ უნდა გავატაროთ ისეთი ტიპის პოლიტიკა, რომელიც რუსეთის ინტერესებს ემსახურება, რომელიც თანხვედრაში ირანის, ჩინეთისა და სხვა ავტოკრატიული სახელმწიფოების ღირებულებებთანაა. 

ამ ხელისუფლებამ, ჯერ კიდევ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პორტზე თავდასხმით და ყველაფერი სხვით, რაც მას შემდეგ გააკეთა, თქვა, რომ არ წაიყვანს ქვეყანას ევროპული კავშირისკენ და ნატოსკენ. ბოლო წლებში უკვე დავინახეთ იმით, რომ დავკარგეთ 90 მილიონი, შეჩერდა ღირსეული პარტნიორის საწვრთნელი პროექტი, ვიზელიბერალიზაციის საკითხს კითხვის ნიშანი აქვს დასმული, პირველად, ამდენი წლის განმავლობაში.

ასევე დავინახეთ იმით, რომ უკვე ენტონი ბლინკენი, აშშ და ბაიდენი კარს, ცხვირწინ, უხურავენ საქართველოს პრემიერ მინისტრს. ქართველი პრემიერი რომ ასე მიუღებელი ყოფილიყო ვაშინგტონში, ეს ჩვენ ეპოქაში არასოდეს არსებულა. ეს არის იმ ეროვნული ინტერესის კოლაფსისა და კრახის გამოხატულება, რაც მეორე მხრივ, ითარგმნება იმით, რომ არჩევნებამდე 30 დღით ადრე, რეალურად, ხელისუფლება გვპირდება ერთადერთს, დიქტატურას“, - განაცხადა გეგელიამ.

 

 

 

მსგავსი სიახლეები