„ოკუპაციაზე ხომ ვისაუბრე?!" - კობახიძე კითხვაზე, რატომ არ ახსენა გაეროში რუსეთი

27.09.24 10:50
„ოკუპაციაზე ხომ ვისაუბრე?!" - კობახიძე კითხვაზე, რატომ არ ახსენა გაეროში რუსეთი

„ოკუპაციაზე ხომ ვისაუბრე?!” – ასე პასუხობს ირაკლი კობახიძეს კითხვას, გაეროში მის გამოსვლასთან დაკავშირებით, რა დროსაც მას არ უხსენებია რუსეთი.

ქვეყნის პრემიერის თქმით, რუსეთს აქვს საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული, ეს არის ფაქტი, რომელსაც არავინ უარყოფს.

კობახიძე დღეს გმირთა მემორიალთან იმ ადამიანებთან მივიდა სამძიმრის გამოსაცხადებლად, ვისმა ოჯახის წევრებმაც თავი საქართველოს ერთიანობას შესწირეს და მედიასთან ისევ ირწმუნებოდა, რომ 2008 წლის ომი საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ დაიწყო.

„საუბარი იქ იყო ოკუპაციაზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე. საუბარი იყო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, ყველა ამ თემაზე იყო საუბარი... რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის, ეს ვერ ვაღიარებინეთ ევროკავშირს. ოკუპაციაზე მქონდა საუბარი გაერო-ში. რუსეთს აქვს საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული, ეს არის ფაქტი, რომელსაც არავინ უარყოფს.

2008 წელს ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, რაც შემდეგ აღიარა ევროსაბჭოს რეზოლუციამ, რომელსაც ხელი მოაწერა სააკაშვილმა. გარანტირებულად გეუბნებით, ერთადერთი მიზანი, რის გამოც ვიღაცებს უნდათ ხელისუფლებაში სააკაშვილის რეჟიმი დააბრუნონ, არის ის, რომ აქ უნდათ მეორე ფრონტის გახსნა", - განაცხადა კობახიძემ.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძეს ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს იმაზე, თუ ვინ არის ოკუპანტი. მან თქვა, რომ ქვეყნის 20% ოკუპირებულია, თუმცა ოკუპანტი ქვეყანა - რუსეთი არ უხსენებია.

მსგავსი სიახლეები