კობახიძემ ბაიდენის მიღებაზე მიწვევის გაუქმებას "ბავშვური გაბუტვა" უწოდა
"ბავშვური გაბუტვა", - ასე პასუხობს პრემიერი "პირველების" კითხვას ბაიდენთან გაუქმებულ მიღებასთან დაკავშირებით. პრემიერი ამტკიცებს, რომ ისეთ დიდ სახელმწიფოს როგორც ამერიკაა, "გაბუტვა არ შეშვენის". კობახიძე ირწმუნება, რომ ბაიდენმა მიღებაზე ათეულობით ავტორიტარული სახელმწიფოს ლიდერი მიიწვია, რაც მისი მხრიდან საქართველოსთან მიმართებით უსამართლობაა.
ეს იყო ერთგვარი ბავშვური ნაბიჯი. აშშ არის დიდი სახელმწიფო და გაბუტვა არ არის ის, რაც შეშვენის ამხელა სახელმწიფოს. რაც შეეხება ხელის ჩამორთმევას, ერთი რამ უნდა იცოდეს საზოგადოებმა და გამოიტანოს დასკვნები. ამ ხელის ჩამორთმევას თუ ვახშამს, რაც იყო, ესწრებოდა რამდენიმე ათეული ავტორიტარული სახელმწიფოს ლიდერი. ბაიდენმა მიიწვია ათეულობით ავტორიტარული სახელმწიფოს ლიდერი. იქ მიწვეული იყო 150-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი, საიდანაც ნახევარი არის ავტორიტარული მათ შორის გაფორმებული ავტორიტარული...რამდენიმე ათეულ ავტორიტარული სახელმწიფოს ლიდერს რომ იწვევ და უმასპინძლდები და საქართველოს უუქმებ მიწვევას, აქედან ხომ საზოგადოება გამოიტანს დასკვნებს.
ჩვენ გვაქვს კომუნიკაციის საშუალება. თბილისში გაიმართა შეხვედრა, მათ შორის, ელჩთან გვქონდა რამდენიმე დღის წინ შეხვედრა. კომუნიკაციის პრობლემები ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ ძალიან მკაფიოდ გავუზიარეთ ამერიკულ მხარეს გზავნილი და ეს გზავნილი, მათ შორის, საჯაროდაც გახდა ცნობილი. ჩვენ ვთქვით, რომ ასე არ უნდა გაგრძელდეს ურთიერთობები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს არსებული სტატუს-კვოს გადახედვა. ეს არის ჩვენი მკაფიო ოპოზიცია. ყველაფერი ამერიკულ მხარეზეა დამოკიდებული", - ამბობს კობახიძე.
აშშ-შ ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიწვევა გააუქმეს. ინფორმაცია თავდაპირველად „ამერიკის ხმამ” გაავრცელა, მოგვიანებით კი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და ამერიკის საელჩომაც დაადასტურა.