ენგურის ხიდი გაერთიანების სიმბოლოდ უნდა ვაქციოთ - მამუკა ხაზარაძე
აგრესორს და ოკუპანტს საქართველოს მოქალაქეები ბოდიშს არასდროს მოუხდიან, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ენგურის ხიდთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირებს კიდევ ერთხელ მიაგო პატივი.
ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ენგურის ხიდი სიმბოლურად შეარჩია, რადგან ეს არის სწორედ ის ადგილი, რომელმაც ქართველი ერი ერთმანეთისგან გაყო. ხაზარაძე იმედოვნებს, რომ მალე ეს ადგილი გაერთიანების სიმბოლოდ იქცევა. მისი თქმით, "ძლიერმა საქართველომ" იცის, როგორ უნდა მოხდეს საქართველოს გამთლიანება და აქვთ ქვეყნის განვითარების და კეთილდღეობის გეგმა.
დღეს ჩვენ აქ მოვედით ენგურის ხიდთან, რათა გავიხსენოთ ის ტრაგედია, რომელიც 31 წლის წინ მოხდა და რომელმაც დაყო ჩვენი ქვეყანა. ჩვენ აქ მოვედით იმისთვის, რომ თანავუგრძნოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი სიცოცხლე შესწირა ამ უთანასწორო ბრძოლას და დაკარგა ოჯახის წევრი. ჩვენ აქ მოვედით იმიტომ, რომ პატივი ვცეთ იმ გმირებს, რომლებიც უანგაროდ, უკანმოუხედავად ჩაერთო თავისი ქვეყნის სადარაჯოზე, ჩვენი მიწა-წყლის დასაცავად და სიცოცხლე შესწირა ამ უთანასწორო ბრძოლას. ჩვენ აქ მოვედით იმიტომ, რომ ვთქვათ ძალიან ხმამაღლა, რომ რუსეთი არის აგრესორი, რუსეთმა გააღვივა ეს ომი და რუსეთს ჩვენ და აგრესორს, ჩემი მეგობრები და ნებისმიერი ქართველი და საქართველოს მოქალაქე ბოდიშს არ მოუხდის, იმიტომ, რომ ყველა ომი, რომელიც საქართველოში დაიწყო, არის რუსეთის მიერ პროვოცირებული. მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ბიძინა ივანიშვილის მოღალატეობრივ განცხადებას, როცა ის ოკუპანტს, 2008 წლის გამჩაღებელს ბოდიშს უხდის. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ქართველი ხალხი ოკუპანტს ბოდიშს არ მოუხდის. ეს არის ადგილი, ენგურის ხიდი, რომელმაც გაყო ორი მონათესავე ერი, თანამოქალაქე, მეზობელი, ერთი ოჯახები, ხშირ შემთხვევაში, ერთმანეთისგან, მაგრამ ჩვენ უნდა გადავაქციოთ ეს ხიდი ხიდად, რომელიც ჩვენ გაგვაერთიანებს. ეს ხიდი უნდა გავხადოთ იმის სიმბოლო, რომ ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ ძლიერ საქართველოს ჩენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად. ეს არის ადგილი, სადაც ჩვენ, „ძლიერი საქართველო“ ძალიან კონკრეტული გეგმით დავიწყებთ იმის აშენებას, რასაც ევროპული საქართველო ჰქვია. ჩვენ ვიცით, როგორ ავაშენოთ ძალიან მყარი მშვიდობა და როგორ განვავითაროთ ის ურთიერთობა , ის კულტურა, რომელიც ჩვენს შორის ყოველთვის იყო, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
დღეს სოხუმის დაცემიდან ზუსტად 31 წელი გავიდა. უთანასწორო ომის შედეგად 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა, დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები. 300 ათასზე მეტი ადამიანი დღემდე საკუთარ ქვეყანაში დევნილობაში აგრძელებს ცხოვრებას.
რუსეთმა აფხაზეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკად 2008 წელს აღიარა.