რას ამბობს მიხეილ სააკაშვილი “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიაზე?
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სასამართლო სხდომაზე “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მან შეასრულა თავისი მთავარი დაპირება და მათი სიის 2/3 არის ის ხალხი, ვინც არასდროს არ ყოფილა ხელისუფლებაში.
სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ის საარჩევნი სია, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცესკოში გუშინ წარადგინა, აუცილებლად წარმატებას მოუტანთ მათ.
მიხეილ სააკაშვილის ნომერი არის - 5 ნომერი. მიხეილ სააკაშვილის პარტია არის „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“. ძალიან მიხარია, რომ შევასრულე ჩემი მთავარი დაპირება -2/3 ჩვენი სიის არის ის ხალხი, ვინც არასდროს არ ყოფილა ხელისუფლებაში. ეს არის განახლება, ახალი თაობა მოვიდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში. ეს არის თინა ბოკუჩავა, რომელიც არ ყოფილა არასდროს იმ 9 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში და არ მინდა არავის ვაწყენინო, მაგრამ არის ყველაზე განათლებული ქალი პოლიტიკოსი, 3 საუკეთესო სასწავლებლები აქვს დამთავრებული ამერიკაში და ევროპაში.
წარსული დარჩა წარსულში, ჩვენ ვიხედებით მომავლისკენ, ჩვენ ვართ ძლიერი, მომავალზე ორიენტირებული პარტია. მზად ვარ ყველანაირი რეპრესიებისთვის, მზად ვარ ყველანაირი პროვოკაციისთვის, მაგრამ იცოდეთ, რომ ვიდგებით ბოლომდე, მართლაც დავიძვრებით ევროპისკენ და ბოლომდე მოვიპოვებთ მშვიდობიან, დაცულ ადგილს ევროპულ თანამეგობრობაში. მე მინდა ვუთხრა ყველას- გავიმარჯვებთ სახელოვნად!“,- განაცხადა სააკაშვილმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს, ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.