“ჩვენ გვაქვს აფხაზეთის დაბრუნების გეგმა - ეს გეგმა არის აღმშენებლობასა და ევროკავშირში სწრაფ ინტეგრაციაში“- მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე აფხაზეთის დაბრუნების გეგმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს გეგმა არის აღმშენებლობასა და ევროკავშირში სწრაფ ინტეგრაციაში და არ არის უთავმოყვარეოდ ბოდიშების მოხდაში.
სააკაშვილის განცხადებით, ასეთი სამარცხვინო ხელისუფლება საქართველოს არასდროს ჰყოლია.
საქართველოს ხელისუფლებას ყველაზე მზაკვრული გეგმები აქვს, მაგრამ მათ გეგმებს აღსრულება არ უწერია, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს აფხაზეთის დაბრუნების გეგმა - აფხაზეთის დაბრუნების გეგმა არის აღმშენებლობასა და ევროკავშირში სწრაფ ინტეგრაციაში და არ არის უთავმოყვარეოდ ბოდიშების მოხდაში და პრაქტიკულად ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებაში.
ჩემი პოლიტიკა არის მშვიდობისა და ღირსების პოლიტიკა - მათი პოლიტიკაა ომის, უბედურების და ნგრევის პოლიტიკა. თუ ისინი დარჩნენ, ამ ომს აუცილებლად შემოიტანენ. შემოიტანენ ტერორს, სიკვდილს, ქართული ოჯახების დაყოფასა და დანაწევრებას“, - განაცხადა სააკაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა სასამართლომ შუამდგომლობა არ გაიზიარა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს, ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.