რატი ბრეგაძე ამტკიცებს, რომ გაეროს სხდომაზე რუსეთის ხსენების აუცილებლობა არ იყო
იუსტიციის მინისტრი პრემიერს იცავს და ამტკიცებს, რომ გაეროში სიტყვით გამოსვლისას რუსეთის ხსენება აუცილებელი არ იყო, რადგან ისედაც ცხადია, რომ ოკუპანტი სწორედ რუსეთია. რატი ბრეგაძე ირწმუნება, რომ მათ მიზანს არა ოკუპანტზე საუბარი, არამედ ოკუპაციის მშვიდობიანი ფორმით დასრულებაა.
როდესაც საუბარია ოკუპაციაზე, ამ შემთხვევაში, საუბარია რუსეთის ფედერაციაზე. ეს საკითხი უკვე გავლილი და დახურულია. დღეს ასჯერ ვახსენეთ რუსეთის ფედერაცია და პრემიერმაც ახსენა, რამდენჯერ უნდა ვისაუბროთ ამაზე. პრობლემა რომ იყოს, სტრასბურგში დავას მოვუგებდით?! მთელმა მსოფლიომ იცის, რომ საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული რუსეთის ფედერაციას და ჩვენი მიზანია, რა? რომ მხოლოდ ამაზე ვისაუბროთ თუ დავასრულოთ, მშვიდობიანი ფორმებით, ოკუპაცია?, - ამბობს რატი ბრეგაძე.
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძეს ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს იმაზე, თუ ვინ არის ოკუპანტი. მან თქვა, რომ ქვეყნის 20% ოკუპირებულია, თუმცა ოკუპანტი ქვეყანა - რუსეთი არ უხსენებია.