თუ "ოცნება" ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გადადგმას გააგრძელებს, ნახავთ, როგორ აისახება ეს ჩვენს ურთიერთობაზე - სალივანი
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი, ტომ სალივანი "ქართულ ოცნებას" აფრთხილებს, იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გადადგმას გააგრძელებს, ამას შეერთებული შტატების საპასუხო რეაქცია მოჰყვება
ტომ სალივანის კომენტარს პლატფორმა "X"-ზე ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, შტატები ირაკლი კობახიძესთან და "ქართული ოცნების" ოფიციალურ პირებთან ნიუ-იორკში ჩაშლილ შეხვედრებს, ივანიშვილის გუნდის ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს უკავშირებს.
გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ჩვენ შეშფოთებულები ვიყავით იმ ტრაექტორიით, რომლითაც პარტია "ქართულ ოცნებას" საქართველო მიჰყავს. ის ქვეყანას აშორებს იმას, რაც ქართველების უმეტესობას სურს - ინტეგრაცია დასავლეთთან, ევროკავშირთან, NATO-სთან. ამის გამო, ჩვენ ძალიან მკაფიო ნაბიჯები გადავდგით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის, ასევე, ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციის თვალსაზრისით...
თუ "ქართული ოცნება" გააგრძელებს ანტიდემოკრატიული ან ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც ადამიანებს თავიანთი მოსაზრებების გამოხატვისა და საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლებას არ მისცემს, ვფიქრობ, თქვენ ნახავთ, რომ ეს აისახება და დააკალიბრებს ჩვენს ურთიერთობებს", - აცხადებს სალივანი.
შეგახსენებთ, აშშ-ში ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიწვევა გააუქმეს. ინფორმაცია თავდაპირველად "ამერიკის ხმამ" გაავრცელა, მოგვიანებით კი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და ამერიკის საელჩომაც დაადასტურა.