სხვადასხვა ნომრიდან რეკავენ საარჩევნო ოლქების "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრებთან, თითქოს, მე ვავალებ სხდომებზე ჩხუბის ატეხვას - კობახიძე

27.09.24 21:21
სხვადასხვა ნომრიდან რეკავენ საარჩევნო ოლქების "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრებთან, თითქოს, მე ვავალებ სხდომებზე ჩხუბის ატეხვას - კობახიძე

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი ოპოზიციიდან, ანა კობახიძე საგანგებო ინფორმაციას ავრცელებს - ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ საოლქო კომისიის წევრებს მისი სახელით ურეკავენ და სხვადასხვა დავალებას აძლევენ.

ანა კობახიძე მიიჩნევს, რომ ეს წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა.

სხვადასხვა ნომრიდან რეკავენ საარჩევნო ოლქების “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრებთან და ეუბნებიან, რომ რეკავენ ჩემი დავალებით.  უკვე ათეულობით ზარი შემოვიდა ჩემთან, ჩვენი წევრებისგან. მათ დაურეკეს და უთხრეს, თითქოს ჩემი მითითებით რეკავენ და დაჟინებით მოსთხოვეს მომდევნო სხდომებზე უსაფუძვლო ხმაური და ჩხუბის ატეხვა.

ეს არის სრულიად გაუგონარი პროვოკაცია! რა თქმა უნდა, ჩვენი ოლქის წევრები ამას მიხვდნენ და არ წამოეგნენ პროვოკაციას. 

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის პირდაპირი პროვოკაცია ჩვენი მისამართით. არ ვიცი რატომ ჩათვალეს, რომ ჩვენი წევრები მსგავს პროვოკაციას წამოეგებოდნენ. 

ჩვენ რა თქმა უნდა გვექნება რეაგირება და გავარკვევთ ამ უმსგავსობის შემსრულებლებსაც - განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები