პრეზიდენტმა "ოცნების" საბჭოთა დროინდელ პროპაგანდაზე პარიზშიც ისაუბრა
ზურაბიშვილის მხილება პარიზიდან - პრეზიდენტმა "ოცნების" საბჭოთა დროინდელ პროპაგანდაზე პარიზშიც ისაუბრა. ოკუპირებული ქვეყნის პრეზიდენტისთვის აღმაშფოთებელია თბილისის ქუჩებში ბრეჟნევის იდეოლოგიით შთაგონებული ბანერების გამოფენა.
ამან სრულიად საქართველოს მოსახლეობის და "ოცნების“ დარჩენილი მხარდამჭერების აღშფოთება გამოიწვია, რაც აჩვენებს, რომ სწორ გზაზე ვართ - თქვა სალომე ზურაბიშვილი.
საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ პარიზში, საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში დოკუმენტური ფილმის ,,ბუჩამდე იყო აფხაზეთი” ჩვენების გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნება" კიდევ ერთხელ მოიხსენია "კოშმარად" და თქვა, რომ შუაგულ ევროპაში განაცხადა, რომ ივანიშვილის პარტია რუსული დავალებით მოქმედებს.
მთავრობამ, რომელიც დღეს საქართველოს ხელისუფლებაშია, ჩათვალა, რომ ამ საარჩევნო კამპანიისთვის კარგი აზრი იყო, თბილისის ქუჩებში დაედგათ ბანერები, სადაც გვერდიგვერდ ჩანს მარიუპოლის თეატრი, სადაც ვიცით, თუ რამდენი ბავშვი დაიღუპა და რესტავრირებული თეატრი საქართველოში; განადგურებული კათედრალი უკრაინაში და გვერდზე, სამების საკათედრო ტაძარი თბილისის შუაგულში. ამან სრულიად საქართველოს მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია, რაც აჩვენებს, რომ სწორ გზაზე ვართ და შეიძლება ოპტიმისტები ვიყოთ. აღშფოთება გამოიწვია, ასევე ,,ქართული ოცნების“ დარჩენილ მხარდამჭერებში,,,ქართული ოცების“, რომელიც (ვთქვი და კიდევ ვიტყვი), ქართულ კოშმარად იქცა, ასევე, მთელს მოსახლეობაში, ამდენად, ეს მიდგომა ეწინააღმდეგება ტრადიციებს, კულტურას, ქართულ ჰუმანურობას, რაც გვაფიქრებინებს, რომ ევროპასთან საერთო ღიებულებები გვაქვს და სწორედ ამ ღირებულებების გამო გვაქვს ევროპული ბედი", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
საფრანგეთის პარლამენტში გამართული ღონისძიება ნაწილია კამპანიისა „ბუჩამდე იყო აფხაზეთი“, რომელიც თითქმის სამი წელია მიმდინარეობს აფხაზთა კრების, თავისუფლების ინსტიტუტის, ტაბულასა და პარტია ფედერალისტების ორგანიზებით. კამპანიის მიზანია, გაფართოვდეს საერთაშორისო და შიდა კონსენსუსი რუსეთის მიერ აფხაზეთში ჩადენილი დანაშაულების შესახებ, რომელთა ხასიათი და მასშტაბი გენოციდს უტოლდება.