ბარამიძე: სალივანის განცხადება კიდევ ერთხელ, მკაფიოდ გვეუბნება, რომ ქვეყანას მართავს ქართველი ერის ინტერესების მოღალატე რეჟიმი

28.09.24 12:44
ბარამიძე: სალივანის განცხადება კიდევ ერთხელ, მკაფიოდ გვეუბნება, რომ ქვეყანას მართავს ქართველი ერის ინტერესების მოღალატე რეჟიმი

"ბატონ სალივანის განცხადება კიდევ ერთხელ, მკაფიოდ გვეუბნება, რომ ქვეყანას მართავს ქართველი ერის ინტერესების მოღალატე რეჟიმი", - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ,
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მრჩევლის, ტომ სალივანის განცხადებებთან დაკავშირებით განაცხადა. 

ბარამიძის თქმით, ხელისუფლებამ ისეთ დონემდე მიიყვანა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა, რომ ხელსაც კი არ ართმევენ.

"ბატონი სალივანის ეს განცხადება კიდევ ერთხელ და ყველასთვის გასაგებად, მკაფიოდ გვეუბნება, რა მდგომარეობა გვაქვს დღეს ჩვენ ქვეყანაში და რომ ქვეყანას მართავს ქართველი ერის ინტერესების მოღალატე რეჟიმი, რომელმაც ისეთ დონემდე მიიყვანა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა, რომ მათ ხელსაც კი არ ართმევენ, არ პატიჟებენ ისეთ, პრინციპში, ფორმალურ მიღებაზეც კი, სადაც ასობით ქვეყნის დელეგაციაა, მათ შორის ისეთი ქვეყნებისაც, რომლებიც დიდი დემოკრატიულობით ვერ გამოირჩევიან, მაგრამ მათ შორისაც რომ ვერ ხვდება, აბსოლუტურად არ არის საჭირო დიდი პოლიტიკოსობა, რათა დავასკვნათ, თუ რა დონემდეა დაყვანილი ქართულ-ამერიკული ურთიერთობები და მინდა შევახსენო ყველას, რომ ეს ის ამერიკაა, ევროკავშირთან ერთად, რომლის ძალიან დიდ ძალისხმევაზე დგას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა.
საქართველოს იმ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების, რომელთა საერთაშორისო აღიარებასაც ცდილობდა რუსეთი და რომელმაც ეს ვერ შეძლო, მიუხედავად დიდი ფინანსური თუ პოლიტიკური ძალისხმევისა. სწორედ აშშ ევროკავშირთან ერთად იყო ამ პროცესების ლიდერი, რომელმაც დაიცვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. 
ამ მოღალატურმა რეჟიმმა კი მდგომარეობა იქამდე მიიყვანა, რომ ჩვენ კოკოითიც კი დაგვცინის, რომელიც გვეუბნება, რომ თქვენ არამარტო ბოდიში უნდა მოიხადოთ, არამედ თრუსოს ხეობა და გუდაურიც უნდა დაგვიბრუნოთო", - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მრჩეველი, ტომ სალივანმა თქვა, რომ თუ ქართული ოცნება ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გადადგმას გააგრძელებს, ეს მათ ურთიერთობაზე უარყოფითად აისახება. მისივე თქმით, მიმდინარე კვირაში ოცნების ოფიციალურ პირებთან ნიუ-იორკში ჩაშლილი შეხვედრები, ასევე უკავშირდება მათ ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს.
 

მსგავსი სიახლეები