მილიონიანი მანქანა კობახიძეს - ჟურნალისტური გამოძიება
Mercedes S-class-ის ახალი მანქანით პრემიერ მინისტრი ბოლო რამდენიმე კვირაა გადაადგილდება. მილიონ ორასი ათასი ლარის ღირებულების "მერსედესით" " შაბათის ეთერის" კამერამ ირაკლი კობახიძე გადაიღო ოპერის თეატრთან, როცა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემის ცერემონიაზე მივიდა. პრემიერი იგივე მანქანით გამოჩნდა დიღმის მასივშიც, სადაც კახა კალაძესთან ერთად ახალი სკვერი გახსნა. აქამდე ირაკლი კობახიძეს მილიონ 200 ათასიან მერსედესამდე ახალი Audi ემსახურებოდა.
"შაბათის ეთერის" მოპოვებულ ინფორმაციას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ადასტურებს. ანზორ ჩუბინიძე ამბობს, რომ ახალი "მერსედესი" ნამდვილად სახელმწიფო ბიუჯეტის ფულით იყიდეს და 400 ათასი ევრო ანუ მილიონ 200 ათასი ლარი გადაიხადეს.
ჩუბინიძე ამტკიცებს, რომ მილიონ 200 ათასი ლარი - ხალხის ფული დაჯავშნილ მერსედესში იმის გამო გადაიხადეს, რომ ეს მანქანა საქართველოში ჩამოსულ მაღალი რანგის უცხოელ სტუმრებს მომსახურებოდა, თუმცა შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ამ მანქანით კობახიძესაც უნდა ესარგებლა.
მილიონ 200 ათას ლარად შეფასებული მანქანით ქართული "ოცნების" არც ერთ პრემიერ მინისტრს არ უსარგებლია. კობახიძე პირველია ვინც, ლუქს კლასის კომპლექტაციის დაჯავშნილი მანქანით დადის.