"ვფიქრობ, ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებს მალე ვიხილავთ" - ჯონ ჰერბსტი
სკანდალური განცხადება ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების შესახებ - "ატლანტიკური საბჭოს" წევრი, ჯონ ჰერბსტი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ვარაუდობს, რომ ვაშინგტონი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს სანქცირებულთა სიაში უახლოეს მომავალში შეიყვანს.
ამერიკელი დიპლომატი ბიძინა ივანიშვილს ავტორიტარულ დინებასთან მჭიდრო კავშირში მყოფ პირად აცხადებს და პირდაპირ ამბობს, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელი როგორც ქართველი ხალხის, ასევე შეერთებული შტატების ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს.
რაც შეეხება 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებს, ვაშინგტონში სურთ, რომ საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს.
ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ყველაზე გავლენიანი ადამიანია და ასეა წლების განმავლობაში. ივანიშვილი მჭიდროდ არის დაკავშირებული ავტორიტარულ დინებასთან, რასაც საქართველოში ვხედავთ და რაც ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ასევე მუშაობს ამერიკის ინტერესების წინააღმდეგ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებს მალე ვიხილავთ.
ვაშინგტონში არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს ახლავე უნდა მოხდეს. ზოგი ფიქრობს, რომ უნდა დავიცადოთ და ვნახოთ, რას მოიმოქმედებს "ქართული ოცნება" და ივანიშვილი მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე. ჩვენ დანამდვილებით ვხედავთ ნაბიჯებს ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ შესაძლოა, რთული იყოს არჩევნებს სამართლიანი უწოდო. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რა მოხდება უშუალოდ არჩევნების დღეს, ხმების დათვლისას დამკვირვებლების დაშვების მხრივ. ასე, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია, რომ არჩევნები კარგად ჩატარდეს. თუ ასე იქნება, ვფიქრობ, ვაშინგტონი მიესალმება ამ ფაქტს და ნებისმიერს, ვინც ამ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში გაიმარჯვებს", - ამბობს ჯონ ჰერბსტი.