ექსკლუზივი: ღარიბაშვილის შემდეგ, სამთავრობო თვითმფრინავით საზღვარგარეთ შვილები კობახიძემაც წაიყვანა
ირაკლი ღარიბაშვილის შემდეგ, სამთავრობო თვითმფრინავით უცხოეთში შვილები ირაკლი კობახიძემაც წაიყვანა - უფრო კონკრეტულად, "შაბათის ეთერის" დადასტურებული ინფორმაციით, თბილისიდან კობახიძე და მისი ორი ვაჟი სტამბოლში სამთავრობო თვითმფრინავით გაფრინდნენ. გზა ამერიკაში კობახიძემ თურქეთის ავიახაზებით გააგრძელა.
ირკვევა, რომ ამ დროს სამთავრობო ბორტს ღია ქსელზე წვდომა გაუთიშეს, რომ სავარაუდოდ, კობახიძის ფრენები არ გამოჩენილიყო.
- "შაბათის ეთერი" დაინტერესდა, ოფიციალური ვიზიტის პარალელურად, ვინ დააფინანსა კობახიძის ოჯახის წევრების მოგზაურობა ამერიკაში?
- "ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების ინტერესის საგანია, გაირკვეს როგორ აღმოჩნდნენ ოფიციალური ვიზიტისას, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, პრემიერის არასრულწლოვანი შვილები, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კობახიძე ოფიციალური ინფორმაციით, უმნიშვნელოვანეს მოლაპარაკებებზე იმყოფებოდა, ამ დროს პრემიერს პარალელურ რეჟიმში თავისუფალი პროგრამისთვის დრო არ უნდა ჰქონოდა, ფოტოზე, რომელიც "შაბათის ეთერს" შტატებიდან მიაწოდეს, ჩანს, რომ პრემიერის შვილებს მთავრობის ადმინისტრაციის პროტოკოლის სამსახურის უფროსის მოადგილე თენგიზ კვაშილავა ასეირნებს.
რა დაჯდა პრემიერის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტის პარალელურად, მისი ოჯახის ამერიკული მოგზაურობა? - ამ კითხვით "შაბათის ეთერმა" ადმინისტრაციას მიმართა და ანგარიშსწორების დამადასტურებელი დოკუმენტები მოითხოვა, კობახიძის ადმინისტრაციისგან ჩვენ ჯერ პასუხი არ მიგვიღია.
პრემიერის ვოიაჟი - ნატა ქაჯაიას რეპორტაჟი სრულად ნახეთ აქ