ვის ხელშია არჩევნები - სკანდალური ჟურნალისტური გამოძიება
ღარიბაშვილის ცოლის დაქალი, "ოცნების" დეპუტატის ცოლის და, ივანიშვილის პირადი მცველის დედა, სუს-ის მაღალჩინოსნის ძმა - ვის ხელშია გადამწყვეტი არჩევნები?
"შაბათის ეთერმა" დადგინა, ვინ არიან ადამიანები, ვინც საქართველოს ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები უნდა ჩაატარონ:
ვინ როგორ დანიშნეს პოსტზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში?
- მაკა ბენაშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომელია - მისი სოციალური ქსელის ანგარიში აჩვენებს, რომ დედოფლისწყაროელ ქალი "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებთან მეგობრობს: ფოტო ნუნუ თამაზაშვილთან, ფოტო ნათია თამაზაშვილთან, ფოტო მარიამ თამაზაშვილთან, ფოტო კახა კალაძესთან - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, ვისთანაც ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის მენეჯერი, ქართული ოცნების მაისურით პოზირებს. დედოფლისწყაროელი მაკა ბერიშვილი, საკუთარ სოციალურ გვერდზე აქვეყნებს ფოტოებს, მმართველი პარტიის ლოგოს გამოსახულებითაც.
ფლორა მილორავა 31 აგვისტოს, ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიის ნეიტრალურ წევრად აირჩიეს. ქალბატონი ფლორა საკრებულოს მოქმედი თანამშრომელი და ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის დედაა.
ჟურნალისტური მოკვლევის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სუსში დასაქმებული ადამიანების ოჯახის წევრებიც მუშაობენ:
- ასე მაგალითად: გია სამადალაშვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის პოსტზე მუშაობს. პარალელურად, ცესკოს მაღალჩინოსნის ძმა, ირაკლი სამადალაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, საპასუხისმგებლო პოსტზე, ლილუაშვილის უწყებაშია.
ძმები სამადალაშვილების შემთხვევა ერთადერთი არ არის - "შაბათის გუნდის" რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად, გამოვლინდა და დადასტურდა, სუსისა და ცესკოს თანამშრომლების ოჯახური კავშირების არაერთი საეჭვო შემთხვევა:
- გიორგი აბჟანდაძე საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტში მუშაობს. აბჟანდაძეს ამ არჩევნებზე, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია. მისი ძმა, პაატა აბჟანდაძეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, საკმაო გავლენებით სარგებლობს.
- ცესკოში პაატა აბჟანდაძის ძმის გარდა საარჩევნო პროცესების მართვის სამსახურში მუშაობს მიხეილ მირზაშვილიც. სუს-ის თანამშრომელი პაატა აბჟანდაძე მირზაშვილის შვილის ნათლიაა.
ეს ყველაფერი არ არის - ქეთი გვიშიანი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივნის თანაშემწეა. დავით გვიშიანი კი სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მრჩეველი. მისი სამუშაო გამოცდილების ბოლო 8 საფეხური მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ოცნებას უკავშირდება. მათ შორის ჩანს, რომ გვიშიანი, დიტო სამხარაძეზე მომუშავე კოორდინატორი იყო.
ირკვევა ისიც, რომ "ქართული ოცნების" წევრის, დეპუტატ გივი მიქანაძის ცოლისდა გვანცა მკერვალიშვილი, ცესკოს იურიდიულ დეპარტამენტში მუშაობს.
რა ნიშნით შეირჩნენ და როგორ მოხვდნენ, სუსთან და ქართულ ოცნებასთან პირდაპირ კავშირში მყოფი პირები, ცესკოში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე?!
- "შაბათის ეთერის" ძალებით მოპოვებული ინფორმაციით, მიხეილ მირზაშვილი და გიორგი აბჟანდაძე, რომლებსაც სუსში მომუშავე აბჟანდაძის ძმა აერთიანებთ, ცესკოში ერთ დღეს, გასული წლის 1 აგვისტოს დაინიშნნენ. ზუსტად 1 თვეში, 2023 წლის 1 სექტემბერს შეუდგა მუშაობას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გივი მიქანაძის ცოლისდა, გვანცა მკერვალიშვილიც.
ამასთან, "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით "ოცნების" კვალი იკვეთება არა მხოლოდ დანიშვნებში, ბოლო დროის გათავისუფლებების საქმეშიც. სანდო წყარო ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან "ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტებს უყვება, რომ აპრილის აქციების გამო, განცხადების დაწერა და სამსახურის დატოვება აიძულეს აკაკი ბერიძეს.