ივანიშვილის პროპაგანდისტული განცხადება - "ოცნების" ლიდერი ამტკიცებს, რომ "შეცდომის დაშვების შემთხვევაში, 2008 წლის ომი მონაგონი იქნება"
"ქართული ოცნება" და მისი საპატიო თავმჯდომარე შიშის კამპანიას აგრძელებენ - ბიძინა ივანიშვილი ისევ ამტკიცებს, რომ "მტრულად განწყობილი ძალები ადგილორბრივი აგენტურის ხელით საქართველოს რუკიდან გაქრობას უპირებენ".
"2008 წლის ომი მონაგონი იქნება"- თქვა ივანიშვილმა კახეთში სიტყვით გამოსვლისას.
ამასთან, ივანიშვილი წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს ისევ დაემუქრა და თქვა, რომ "ენმ-ის არაკონსტიტუციურად ცნობისა და გასამართლების პროცესს წინ ვერაფერი დაუდგება".
დღეს ყველა თვალნათლივ ვხედავთ, რომ ეს რადიკალური ძალა, მის გარშემო გაერთიანებული პოლიტიკური, არასამთავრობო თუ მედია ორგანიზაციები უცხო ძალის ინტერესს ატარებენ და ცდილობენ, რომ საქართველო ომის უბედურებაში გახვიონ.
შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, 2008 წლის აგვისტოს ომი მონაგონი იქნება. ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ძალები, ადგილობრივი აგენტურის ხელით საქართველოს რუკიდან გაქრობას უპირებენ. ემზადებიან იმისათვის, რაც ვერც ერთმა დამპყრობელმა ვერ მოახერხა საუკუნეების მანძილზე!
ამის პატიება როგორ შეიძლება?! როგორ შეიძლება ამაზე საკადრისი პასუხი არ მოვთხოვოთ ხალხს, რომელთა მთავარი მიზანი ხელისუფლებაში ნებისმიერ ფასად დაბრუნება და საქართველოს ომის ქარ-ცეცხლში გახვევაა?!
ჩვენი ხელისუფლება თავს იწონებს იმით, რომ დღეს კახელ გლეხს შრომა უფასდება და მის მოსავალს რისკებისგან ვაზღვევთ, რომ ყურძნის ფასი გავზარდეთ და გასაღების მოშლილი, ტრადიციული ბაზრები აღვადგინეთ, რომ მევენახეობისა და მეღვინეობის დარგის განვითარებაზე ვზრუნავთ და ამ მადლიან კუთხეში არცერთი გოჯი მიწა აღარ რჩება დაუმუშავებელი, რადგან ნიჭიერ, გამრჯე ხალხს საკუთარი შრომით ღირსეული შემოსავლის მიღების საშუალება მიეცათ. თავს ვიწონებთ იმით, რომ კახელი კაცი დღეს წელშია გამართული, რადგან იცის - სახელმწიფო უმაგრებს ზურგს და მისი შრომა ფასდება, მთელი რიგი შეღავათებითა და სახელმწიფო პროგრამებით კი მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს"- თქვა ივანიშვილმა.