ივანიშვილის დაანონსებული ბოდიშის შემდეგ, რუსეთი ამტკიცებს, რომ მზადაა, ქართველებს აფხაზ და ოს ხალხებთან ურთიერთობების ნორმალიზებაში "დაეხმაროს"
ივანიშილის დაანონსებული ბოდიშის შემდეგ რუსეთი ისევ საქართველოს ხელისუფლებას აქებს. ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ამტკიცებს, რომ აფხაზ და ოს ხალხებთან მიმართებით "ქართული ოცნება" წარსულს ადექვატურად აფასებს. ამასთან, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა, დაეხმაროს მათ ურთიერთობების ნორმალიზებაში და ხაზს უსვამს, რომ იგულისხმება თავდაუსხმელობის შეთანხმების უზრუნველყოფაც.
საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა უბრალოდ გულწრფელად აფასებს წარსულს. მათ ასეც თქვეს, რომ „ჩვენ გვინდა ისტორიული შერიგება". რა ფორმით შეიძლება მოხდეს ეს შერიგება, ეს თავად ამ ქვეყნებმა, აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა უნდა გადაწყვიტონ: ისინი საქართველოს მეზობლები არიან, შესაბამისად, გარკვეული კონტაქტები ჯერ კიდევ გარდაუვალია. თუ ამ ურთიერთობების ნორმალიზების ინტერესი ყველა მხარეს ექნება, ჩვენ მზად ვართ, მათ ამაში დავეხმაროთ. მათ შორის, საუბარია თავდაუსხმელობის შეთანხმების უზრუნველყოფაზე, - განაცხადა ლავროვმა გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა გორში, პარტიულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ქართველებმა 2008 წლის ომის გამო ბოდიში უნდა მოიხადონ, მისი ეს განცახდება კი შემდეგ "ქართული ოცნების" სხვა წევრებმაც არაერთხელ გაიმეორეს, რასაც ოპოზიციის და მოქალაქეების მწვავე კრიტიკა მოჰყვა.