თბილისი მერის აღიარება - სად გაქრა ფული კახა კალაძის ანგარიშებიდან

30.09.24 13:16
თბილისი მერის აღიარება - სად გაქრა ფული კახა კალაძის ანგარიშებიდან

"ქართული ოცნების" ლიდერმა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ შვეიცარიულ და იტალიურ ბანკში გახსნილი ანგარიშები დაცალა - დეკლარაციის თანახმად, მილიონობით  დოლარი კალაძემ კერძო ხელშეკრულებით გაასესხა, ვისზე საიდუმლოა.

  • 2024 წლის დეკლარაციის მიხედვით, 4,2 მილიონი ევრო, ზუსტად იმ მოცულობის თანხა, რომელიც შვეიცარიულ Intesa Sanpaolo-ში ჰქონდა), 2023 წლის 6 მარტს სესხად გასცა. 

კალაძე მილიონობით ევროსა და დოლარს იტალიურ Intesa Sanpaolo-სა და შვეიცარიულ Julius Baer-ში ინახავდა. 

ჩნდება ეჭვი, რომ ეს მოსალოდნელ სანქციებს უკავშირდება. კალაძემ ფული ბანკიდან  იმ დროს გამოიტანა, როცა შეერთებული შტატებში სანქციებზე აქტიურად ალაპარაკდნენ.

რატომ დაიწყო ფულის ბანკებიდან გამოტანა და კერძო პირებზე გასესხება? - "პირველებმა" ეს კითხვა "ქართული ოცნების" ლიდერს დაუსვა. 

კალაძე მედიას ურჩევს, მის ფულზე "არ ინერვიულოს", თუმცა იქვე აღარებს, რომ ევროპულ ბანკებს არ ენდობა.

კახა კალაძეს მაგალითად ბიძინა ივანიშვილი მოჰყავს, რომელიც, მისი მტკიცებით, “გაძარცვეს.“

არ ინერვიულოთ ჩემზე, მე არ ვნერვიულობ და თქვენ ნუ ინერვიულებთ. თქვენ შეგითანხმოთ ჩემი თანხების განკარგვა? რეალობა სახეზეა - ადამიანი დე ფაქტო სანქცირებულია. ყველანაირი სასამართლო მოიგო, უბრალოდ თანხებს არ უბრუნებენ. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, დღევანდელ მსოფლიოში არანაირი სამართლიანობა არ არის. ვიღაცას დაასანქცირებენ-არ დაასანქცირებენ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. არ ინერვიულოთ ჩემს ფინანსებსა და თანხებზე, დიდი თხოვნა მაქვს.

ევროპულ ბანკში რატომ უნდა შევინახო? ჯერ ნახეთ ივანიშვილთან რა დამოკიდებულება აქვთ, ადამიანი გაძარცვეს, რატომ უნდა ვენდო?! რა თქმა უნდა, არ ვენდობი“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის: კახა კალაძის ბოლო ქონებრივ დეკლარაციაში, რომელიც 2024 წლის 31 იანვარს გამოქვეყნდა და 2023 წლის მდგომარეობას ასახავს, აღარ ფიქსირდება ანგარიშები სხვა ქვეყნების საბანკო და საკრედიტო დაწესებულებებში. დეკლარაციის მიხედვით, კახა კალაძეს ანგარიშები მხოლოდ ქართულ ბანკებში აქვს.

მსგავსი სიახლეები