"ოცნება" სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ებრძვის, მიზანია, უბანზე ნაკლები დამკვირვებელი იყოს - ეკა გიგაური
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური აცხადებს, რომ ხელისუფლება სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ებრძვის, რადგან მათი მიზანია, რაც შეიძლება ნაკლები დამკვირვებელი იყოს საარჩევნო უბანზე.
გიგაურის თქმით, მთავრობამ მათ წინააღმდეგ ანტიკორიფციული ბიურო არალეგიტიმურად გამოიყენა, თუმცა მსგავსი მეთოდები მათ ვერ შეაჩერებს, რომ თითოეული მოქალაქის ხმა დაიცვან.
„ქართული ოცნება“ ებრძვის სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. მათი მიზანი არის ის, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ვერ დააკვირდნენ არჩევნებს და რაც შეიძლება ნაკლები დამკვირვებელი იყოს საარჩევნო უბანზე. ფორმალურად არ აჩერებენ ჩვენს სადამკვირვებლო სტატუსს, მაგრამ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენ ვერანაირი რესურსი ვერ გამოვიყენოთ იმისთვის, რომ დავაკვირდეთ არჩევნებს. ეს ჩვენ არ გაგვაჩერებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ქოლგის ქვეშ ძალიან გაგვიჭირდება რომ გვყავდეს დამკვირვებლები საარჩევნო უბნებზე. ჩვენს წინააღმდეგ აბსოლუტურად არალეგიტიმურად გამოიყენეს ანტიკორუფციული სამსახური და მათი გადაწყვეტილება. რაც შეეხება სხვებთან მიმართებით, შეიძლება სხვა მეთოდები გამოიყენონ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ არ არის შენობა და კედლები. ჩვენ ვართ გუნდი და ჩვენი გუნდი გააკეთებს ყველაფერს, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქის ხმა იყოს დაცული, - ამბობს ეკა გიგაური.
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რამდენიმე დღის წინ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" და ორგანიზაცია "აირჩიე ევროპა" საარჩევნო პროცესის მონაწილეებად გამოაცხადა და ფინანსური გადარიცხვების შესახებ ინფორმაციის წარდგენა 5 დღის ვადაში მოსთხოვა. კუპრაშვილის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ამ ორგანიზაციების მიმართ " სხვა ზომებს" გამოიყენებს.
ამასთან, სახელისუფლებო გუნდის წევრმა გივი მიქანაძემ იერიში ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებზე მიიტანა და ისინი არასანდოებად გამოაცხადა.