დოლიძე "ოცნებას": შეწყვიტეთ სადამკვირვებლო და სამოქალაქო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მცდელობა

30.09.24 13:42
დოლიძე "ოცნებას": შეწყვიტეთ სადამკვირვებლო და სამოქალაქო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მცდელობა

 "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი ნინო დოლიძე ამბობს, რომ TI-თან მიმართებით ანტიკორიფციულის ქმედებები უკანონოა და მიმართულია იქით, რომ მათ არჩევნებზე დაკვირვებაში ხელი შეეშალოთ. დოლიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს სადამკვირვებლო თუ სამოქალაქო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მცდელობა.

ძალიან შეშფოთებულები ვართ, მაგალითად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთან“ მიმართებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე ანტიკორუფციული ბიუროს მხრიდან, რომელიც კანონსაწინააღმდეგოა და რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, რომ ეს არის მიმართული იქითკენ, რომ ვთქვათ, სადამკვირვებლო მისიებს შეეშალოთ ხელი არჩევნებზე დაკვირვებისთვის. მე ვფიქრობ, რომ ყველამ კარგად უნდა იცოდეს, მათ შორის, ხელისუფლებამაც, რომ წარმოუდგენელია არჩევნების კარგად ჩატარება, თუკი მას ვერ დააკვირდებიან სადამკვირვებლო ორგანიზაციები, იმიტომ, რომ რაც არ უნდა კარგი პროცედურები იყოს, ერთ- ერთ კრიტიკული არის სწორედ სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან არჩევნების შეფასება. ამიტომ, მე მოვუწოდებ ყველა მხარეს, პირიქით, ხელი შეუწყონ სადამკვირვებლო ორგანიზაციების მუშაობას, შეწყვიტონ სადამკვირვებლო თუ სამოქალაქო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მცდელობა და ჩაატარონ არჩევნები ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისი დაკვირვება და შემდეგ შეფასების გაკეთება, - ამბობს ნინო დოლიძე. 

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რამდენიმე დღის წინ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" და ორგანიზაცია "აირჩიე ევროპა" საარჩევნო პროცესის მონაწილეებად გამოაცხადა და ფინანსური გადარიცხვების შესახებ ინფორმაციის წარდგენა 5 დღის ვადაში მოსთხოვა. კუპრაშვილის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ამ ორგანიზაციების მიმართ " სხვა ზომებს" გამოიყენებს. 

ამასთან, სახელისუფლებო გუნდის წევრმა გივი მიქანაძემ იერიში ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებზე მიიტანა და ისინი არასანდოებად გამოაცხადა. 

 

მსგავსი სიახლეები