„იმედმა“ ჩვენი საარჩევნო კლიპი გააჩერა, დაამტკიცეთ, რომ “ოცნებას“ დაპირებები არ შეუსრულებიაო- ელისაშვილი
„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთის ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ტელეკომპანია "იმედმა", აბსოლუტურად აბსურდული მოტივით, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" საარჩევნო სარეკლამო კლიპი შეაჩერა.
ელისაშვილი მიიჩნევს, რომ “ ოცნება“ შიშის ქვეშაა, რადგან მათ ხელისუფლებაში ყოფნის ცოტა დრო დარჩათ.
ჩვენ ყველანი ვხედავთ, თუ როგორი დაფეთებული და შეშინებულია "ქართული ოცნება". ამ შიშისგან ათას სისულელეს და უკანონობას ჩადიან. ორი დღის წინ, ხელისუფლების მთავარმა პროპაგანდისტულმა რუპორმა, ტელეკომპანია "იმედმა" შეაჩერა კოალიცია "ძლიერი საქართველოს" საარჩევნო სარეკლამო კლიპი, აბსოლუტურად აბსურდული მოტივით. კლიპი იწყება ფრაზით - "ქართულმა ოცნებამ" არ შეასრულა საარჩევნო დაპირებები" - ერთი ფრაზის გამო ცენზურა დაგვიწესეს.
მიზეზად რა მოიყვანეს - თქვენ დაამტკიცეთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო დაპირებები რომ არ შეასრულაო. ახალი პოლიტიკური ანეკდოტი. რასაც დაგვპირდნენ, ყველაფერში რომ გადაგვაგდეს, თურმე ჩვენ უნდა დავამტკიცოთ. აბა, გავიხსენოთ - ხუთი მილიონი თითო სოფელს, ბენზინის ფასის განახევრება, შუქი, წყალი და გაზი უფასო, 100 ქარხანა, გრძელვადიანი უფასო ფული... უფასო ფული რა ჯანდაბაა.
ყველამ იცის, რომ არცერთი საარჩევნო დაპირება არ აქვთ შესრულებული და ჩვენ გვედავებიან დაამტკიცეთო.
უფასო გრძელვადიანი ფული ვისაც გაქვთ გამოდით, ნებისმიერი, უნდა დაგთვალოთ! სოფელი გვაჩვენეთ, სადაც 5 მილიონი დახარჯა ბიძინა ივანიშვილმა.
სამარცხვინო აბსურდშია "ქართული ოცნება". გრძნობენ, რომ ხელისუფლებაში ყოფნის ცოტა დრო დარჩათ.
26 ოქტომბერს "რუსულ ოცნებას" ხელისუფლებიდან გავუშვებთ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.