პრეზიდენტის შვილი სიის მიღმა - ცესკო-ს პასუხი ზურაბიშვილის ოჯახს
რატომ აღმოჩნდნენ სალომე ზურაბიშვილის შვილი და ძმისშვილები საარჩევნო სიის მიღმა? - საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი, ნათია იოსელიანი ამბობს, რომ ამ დროისთვის მათთვის არავის მიუმართავს და ინფორმაცია მედიიდან შეიტყვეს.
იოსელიანი პრეზიდენტის ოჯახს მოუწოდებს, დაუკავშირდნენ ცესკო-ს და ისინი ყველა ზომებს მიიღებენ.
ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ინფორმაცია არ აქვს, მათ ჩვენთვის არ მოუმართავთ და შევიტყვეთ მედიის საშუალებით. შეგვიძლია ერთადერთი რამ გითხრათ- ყველა კონკრეტულ შემთხვევას თავისი ახსნა-განმარტება აქვს, დაგვიკავშირდნენ, მივიღებთ ყველა ზომებს და გადავამოწმებთ მათ მონაცემებს“,- განაცხადა იოსელიანმა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის შვილი და ძმისშვილები ამომრჩეველთა ერთიან სიაში არ არიან.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ქეთევან გორჯესტანმა საკონსულო აღრიცხვა გაიარა 23 ივლისს, საკონსულოდან მიღებული აქვს დასტური, რომ იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე, თუმცა 27 სექტემბერს გადაამოწმა და ამომრჩეველთა ერთიან სიაში არ აღმოჩნდა.