რუსეთისაგან ინსპირირებული წინასაარჩევნო გარემო", იერიში მესამე სექტორზე, ხელოვნური ბარიერები ემიგრანტებისთვის - რაზე ესაუბრა ზურაბიშვილი შტაინმაიერს
სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ "საქართველოში წინასაარჩევნო გარემო, რუსეთისაგანაა ინსპირირებული".
საქართველოს პრეზიდენტისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის შეხვედრის შემდეგ, ზურაბიშვილის ადმინისტრაცია იმ საკითხებს ავრცელებს, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან განიხილა.
ოფიციალური ინფორმაციით, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან ბერლინში აუდიენციაზე სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრა.
საუბარი შეეხო ქართულ დიასპორას, რომელსაც პრეზიდენტის შეფასებით, ხელოვნური ბარიერები ექმნება არჩევნებში მონაწილეობისათვის.
ზურაბიშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან ქვეყანაში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის პრობლემების შექმნის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება:
ბერლინში შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან ისაუბრა ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო გარემოზე, რომელიც ინსპირირებულია რუსეთისაგან, ასევე, ქართულ დიასპორაზე, რომელსაც ხელოვნური ბარიერები ექმნება არჩევნებში მონაწილეობისათვის.
პრეზიდენტმა ისაუბრა ასევე, ქვეყანაში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის პრობლემების შექმნის საკითხზე, რომელიც გულისხმობს მათთვის სადამკვირვებლო მისიების განხორციელებაში ხელის შეშლას.
საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს მოსახლეობის მტკიცე განწყობა და განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობა სრულად პროევროპულია და ქართველი ხალხის საგარეო ორიენტაცია იყო, არის და იქნება ევროპული.
თავის მხრივ, გერმანიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას „ქართულ ქარტიას“ და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში პროევროპული ძალები გაიმარჯვებენ. შტაინმაიერმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ქართველ ხალხს და მათ ბრძოლას ევროპული მომავლისათვის"- წერია განცხადებაში.