"ოცნება" ცდილობს, სადამკვირვებლო მისიების შეფასებების არაღიარებისთვის ნიადაგი მოამზადოს - მეზვრიშვილი
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები და "ქართული ოცნების" მიერ მიტანილი იერიში ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებზე - ეს იმ თემათა ჩამონათვალია, რომელზეც პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზრვიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ მმართველი პარტია ცდილობს, სადამკვირვებლო მისიების შეფასებების არაღიარებისთვის ნიადაგი მოამზადოს.
მეტიც, როგორც ყოფილი პრემიერის გუნდის წევრმა განმარტა, სწორედ აღნიშნულ მიზანს ემსახურება ივანიშვილის ხელისუფლების მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული თავდასხმები სადამკვირვებლო მისიებზე.
პარლამენტის თავმჯდომარის - შალვა პაპუაშვილის ბოლო დროინდელი ბრიფინგებით ცხადი ხდება, რომ „ოცნება“ ცდილობს ნიადაგი მოამზადოს სადამკვირვებლო მისიების შეფასებების არაღიარებისთვის.
ამ მიზნით „ოცნება“ ინტენსიურად და სისტემურად, სხვადასხვა პოლიტიკური თუ სამართლებრივი მექანიზმით, თავს ესხმის ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებს და ცდილობს მათ წარმოჩენას დაინტერესებულ მხარედ, რათა მათი დასკვნების არაღიარების ხელოვნური საფუძველი შეიქმნას.
ამავე მიზნით, „ოცნება“ ცდილობს დასავლეთი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომლებიც თითოეული ჩვენგანის არჩევანს გაყალბებისგან იცავენ, არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულოს.
ამ პროცესში ხელისუფლება აქტიურად იყენებს სხვადსხვა ფსევდო-დამოუკიდებელ სახელმწიფო უწყებას და პროპაგანდისტულ მედია საშუალებას. მისი ძირითადი საყრდენია „ოცნების“ კორუფციის მცველი - ანტი-კორუფციული ბიურო და ცესკო, რომელიც სრულად „ოცნების“ პარტიული კადრებით არის დაკომპლექტებული. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ „ოცნება“ მისი წინასაარჩევნო დარღვევების დაფარვისთვის სახალხო დამცველის გამოყენებასაც ეცდება. სახალხო დამცველი უკვე კომუნიკაციაშია საერთაშორისო დამკვირვებლებთან და ცდილობს მათ დარწმუნებას, რომ თითქოს მშვიდი და სამართლიანი საარჩევნო გარემოა.
ხელისუფლების მიზანია ამ გზით გადაფაროს „ოცნების“ მხრიდან განხორციელებული ის სისტემური დარღვევები - თვალთვალი, პოლიტიკური ნიშნით დევნა, ძალადობის მუქარა და ძალადობა, რაც არასამართლიან და ძალადობრივ წინასაარჩევნო გარემოს ქმნის და რასთან დაკავშირებული კონკრეტული მტკიცებულებებიც საზოგადოებას არჩევნების დაცვის ჩვენმა ჯგუფმა უკვე წარუდგინა.
არჩევნების დაცვის ჯგუფის სახელით გაცნობებთ, რომ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას არჩევნების დასაცავად. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე - მაღალი მონაწილეობა „ოცნების“ მარცხის წინაპირობაა", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
შეგასხენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” 26 ოქტომბრის არჩევნებს თავად ორგანიზაციის სახელით ვეღარ დააკვირდება.
ამის მიზეზად ორგანიზაცია ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას ასახელებს, რომელმაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” და პერსონალურად აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად ცნო.